უჩვეულო აღმოჩენა ბრაზილიის ჯუნგლებში: როგორ აღმოჩნდა ვეშაპი ტყეში?

1007

დროდადრო ისეთი უჩვეულო რამეები ხდება, რომ მილიონობით ადამიანის ყურადღებას იპყრობს. ჩვენ ხომ ყველაფერი უცნაური და იდუმალი გვიყვარს, ამაზე აღტაცებით ვსაუბრობთ და საკუთარ თეორიებს ვთხზავთ. თუმცა, ეს მოვლენები, შესაძლოა, სამწუხაროც კი იყოს.

24 თებერვალს ბრაზილიის ტყეში ადგილობრივებმა, არც მეტი, არც ნაკლები, ვეშაპის ლეში იპოვეს.. 8-მეტრიანი სხეული მარაჟოს კუნძულზე, ნაპირიდან 15 მეტრში ეგდო. ხელისუფლებამ უკვე განაცხადა დროებითი კომისიის შექმნის შესახებ, რომელიც ამ უპრეცედენტო შემთხვევის გამოკვლევით დაკავდება.

აღსანიშნავია, რომ ეს ზრდასრული ინდივიდი კი არა, თითქმის 1 წლის “ბავშვია”, რომლის სხეულმაც სიგრძეში 8, ხოლო სიგანეში 6 მეტრს(თუ ფარფლებიანად გავზომავთ) მიაღწია. სამწუხაროდ, ვეშაპი პოვნისას უკვე მკვდარი იყო. გამოცანად ის კი არ რჩება, თუ როგორ მოხვდა სხეული წყლიდან ასე შორს, არამედ ის, თუ როგორ მოხდა ეს ამბავი ბრაზილიაში. ჩვეულებრივ, წლის ამ დროს ვეშაპები უფრო თბილი წყლებისკენ მიგრირებენ.

-“ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით ზუსტად, როგორ აღმოჩნდა ეს პატარა აქ, თუმცა, ვფიქრობთ, რომ ძუძუმწოვარი ნაპირთან ახლოს ცურავდა, მოქცევამ კი, რომლის ტალღებიც ბოლო დროს საკმაოდ ძლიერი იყო, იგი ტყის სიღრმეში მოისროლა. ჩვენ ის უფრო გვიკვირს, თუ რას აკეთებდა ვეშაპი ბრაზილიის სამხრეთ სანაპიროზე თებერვალში – ეს უკიდურესად უჩვეულო მოვლენაა” – აღნიშნა ხელისუფლების წარმომადგენელმა, რენატა ემინმა.

მიაჩნიათ, რომ ვეშაპის შვილი როგორღაც ჩამორჩა თავის გუნდს და ცურვას ნაპირთან ახლოს აგრძელებდა, როცა იგი ძალიან მძლავრმა მოქცევამ ხმელეთზე ამოისროლა. ამ ვერსიის სასარგებლოდ მეტყველებს ის, რომ მეცნიერებმა ცხოველის სხეულზე დაზიანებები ვერ აღმოაჩინეს.

თუმცა, მაინც გადაწყვიტეს ცხოველის გაკვეთა, რამდენადაც არსებობს ვერსია, რომ ოკეანემ ხმელეთზე უკვე მკვდარი ცხოველი გამორიყა. პატარა, შესაძლოა, დაღუპულიყო პლასტმასის ნაგვის ჩაყლაპვის შედეგად, ეს უკანასკნელი კი, სამწუხაროდ, უდიდესი რაოდენობით გვხვდება მთელი მსოფლიოს წყლებში.

მიუხედავად გაკვეთის შედეგებისა, უკვე მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ძუძუმწოვრის სხეულს ადგილზე დატოვებენ და ხელს არ შეუშლიან მის ბუნებრივად გახრწნას, მოგვიანებით კი ვეშაპის ჩონჩხს ბუნებათმცოდნეობის მუზეუმს გადასცემენ სამომავლო შესწავლისთვის.

კუზიანი ვეშაპები ადამიანის მეგობრადაც შეგვიძლია მივიჩნიოთ, რამდენადაც ისინი მუდმივად ცდილობენ ნაპირთან ახლოს ცურვას და ჩვენთან ახლოს ყოფნას, რაც მათივე დაღუპვას იწვევს – ამით სარგებლობენ ბრაკონიერები და ცხოველები მუდმივად ეხვევიან თევზმჭერთა ბადეში ექოლოკაციის არქონის გამო. მსოფლიო ოკეანეში პლასტიკური ნარჩენების რაოდენობის ზრდა მათ პოპულაციას საფრთხის ქვეშ აყენებს, ამიტომ აუცილებელია ამ კუთხით სიტუაციის გამოსწორება…