ყური უგდეთ თქვენს ორგანიზმს: 7 ნიშანი, რომელიც ფარისებრი ჯირკვლის დაზიანებაზე მიგვანიშნებს

4125

ფარისებრი ჯირკვლი ადამიანის ყველაზე მსხვილი ენდოკრინული ჯირკვალია, რომელიც არეგულირებს ორგანიზმში ენერგიისა და ნივთიერებათა ცვლის პროცესებს. ის გამოიმუშავებს ისეთ ჰორმონებს, რომლებიც პასუხისმგებელია:

  • სხეულის ნორმალურ ტემპერატურაზე;
  • ოპტიმალურ წონაზე;
  • ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის გამართულ მუშაობაზე;
  • ქოლესტერინის დონის დარეგულირებაზე;
  • გულისცემის სიხშირეზე.

როგორ მუშაობს ფარისებრი ჯირკვალი?

ფარისებრი ჯირკვალი ორ ძირითად ჰორმონს – თიროქსინსა და ტრიიოდთირონინს გამოიმუშავებს. ისინი სისხლში ცირკულირებენ და ჩვენი სხეულის მეტაბოლიზმს არეგულირებენ: აქვთ გავლენა ცხიმებისა და ნახშირწყლების ცვლაზე, ცილების წარმოქმნაზე, მონაწილეობენ სხეულის ნორმალური ტემპერატურის შენარჩუნებაში, განსაზღვრავენ გულისცემის სიხშირეს. გარდა ამ ჰორმონებისა, ფარისებრი ჯირკვალი გამოიმუშავებს კალციტონინს, რომელიც კალციუმის ცვლის რეგულაციაში მონაწილეობს.

ამ მნიშვნელოვან ფუნქციებს ფარისებრი ჯირკვალი დამოუკიდებლად ვერ ასრულებს. ჰიპოთალამუსის ზეგავლენით, ჰიპოფიზში გამომუშავდება თირეოიდმასტიმულებელი, ანუ თირეოტროპული ჰორმონი, რომლის ზემოქმედებითაც ფარისებრი ჯირკვალი თიროქსინსა და ტრიიოდთირონინს წარმოქმნის.

თუ ფარისებრი ჯირკვლის მუშაობა დარღვეულია და შესაბამის ზომებს დროულად არ ვიღებთ, თავი შეიძლება იჩინოს არაერთმა სერიოზულმა დაავადებამ. სწორედ ამიტომ, ძალზედ მნიშვნელოვანია უკვე არსებული პრობლემის დროულად დიაგნოსტიკა და სპეციალისტისგან შესაბამისი დახმარების სწრაფადვე მიღება.

როგორ მივხვდეთ, რომ ჩვენი ფარისებრი ჯირკვალი დაზიანებულია? 

ყოველთვის დააკვირდით იმ ნიშნებსა და სიგნალებს, რომელთაც თქვენი ორგანიზმი მაშინ გიგზავნით, როდესაც რაღაც რიგზე ვერ არის.

7 სიმპტომი, რომელიც ფარისებრი ჯირკვლის მუშაობაში დარღვევებზე მიგვანიშნებს: 

1. ქრონიკული დაღლილობა

ენერგიის საწარმოებლად ჩვენს ორგანიზმს ესაჭიროება ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები გარკვეული რაოდნეობით. როდესაც ამ ჯირკვლის მუშაობა დარღვეულია და მოცემული ჰორმონები საჭირო რაოდენობით ვეღარ გამომუშავდება, თავს იჩენს ქრონიკული სისუსტე და დაღლილობა.

2. სხეულის მასა

თუ თირეოიდული ჰორმონების დონე ნორმაზე დაბალია, ჩვენს ორგანიზმში მეტაბოლიზმი საგრძნობლად ნელდება. ამ დროს საჭმელი გაცილებით რთულად გადამუშავდება და კალორიების მხოლოდ მცირე ნაწილი გარდაიქმნება ენერგიად, რასაც ჭარბწონიანობამდე და გაცხიმოვნებამდე მივყავართ. ასეთ დროს წონას სწორი კვებითა და ფიზიკური ვარჯიშებითაც კი ვერ ვიკლებთ.

3. გახშირებული დაავადებები

ჰაშიმოტოს თიროიდიტი – აუტოიმუნური დაავადება, რომელიც ჰიპოთირეოზის ყველაზე გავრცელებულ ტიპს წარმოადგენს. როდესაც ჩვენი ორგანიზმის იმუნიტეტი ქვეითდება, თავის დაცვა სხვადასხვა მავნე ბაქტერიებისა და ვირუსებისგან ძალიან გვიჭირს, რის შედეგადაც ხშირად ავადვმყოფობთ.  კიდევ უფრო საგანგაშოა ის ფაქტი, ჰაშიმოტოს დაავადება აიძულებს იმუნურ სისტემას, დაესხას თავს ჯანსაღ ორგანოებსა და ქსოვილებს.

4. კოორდინაციის უნარის დაქვეითება

ჰიპოთიეროზს შეუძლია პერიფერიული ნერვების დაზიანება, რომლებიც თავისა და ზურგის ტვინიდან სიგნალებს მთელ სხეულში გზავნიან. ამ ნერვების დაზიანებამ შეიძლება გამოიწვიოს კიდურების ხშირი დაბუჟება და მსუბუქი ჩხვლეტის ან ტკივილის შეგრძნება დაზიანებულ ზონებში.

5. ტვინის ცუდი მუშაობა

თუ თქვენ ყველაფერი მარტივად გავიწყდებათ, გიქვეითდებათ რაიმე საკითხზე კონცენტირების უნარი და ატყობთ, რომ ინფორმაციას ისე მარტივად ვეღარ აღიქვამთ და გადაამუშავებთ, როგორც ადრე, აუცილებლად მიმართეთ სპეციალისტს!

6. სტრესი და დაპერესია

ფარისებრი ჯირკვლის მუშაობის დარღვევის დროს სტრესი, დეპრესია და მშფოთვარება ჩვენი ცხოვრების თანამგზავრად იქცევა.

7. ზედაპირული ნიშნები

ხასიათის მკვეთრი ცვლილებები, ძილიანობა, ტკივილი კუნთებსა და სახსრებში, ცივი კიდურები, ხშირი ყაბზობა, შეშუპება, თმის ცვენა, ფრჩხილების მსხვრევა და კანის ზედმეტად გამოშრობა – ყველა ეს უსიამოვნო მოვლენა ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქციით შეიძლება იყოს განპირობებული.

კარგად დააკვირდით ამ ნიშნებს და მათი არსებობის შემთხვევაში დროულად მიმართეთ ექიმს – მხოლოდ ასე შეძლებთ სერიოზული გართულებების თავიდან არიდებას!

ახლა თქვენ უკვე იცით, თუ რომელი ნიშნები და სიმპტომები მიგვითითებს ფარისებრი ჯირკვლის მუშაობის დარღვევაზე. თუ ეს ინფორმაცია სასარგებლოდ მიგაჩნიათ, აუცილებლად გაუზიარეთ სტატია მეგობრებსაც. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!