კაკლის უღელი სამკურნალო და სასარგებლო თვისებებით გამორჩეული პროდუქტია, რომელშიც საკმაოდ მაღალია ისეთი სასარგებლო და ღირებული მკვებავი ნივთიერებების შემცველობა, როგორიცაა: გლუკოზიდები, ალკალოიდები და ორგანული მჟავები.
ამ პროდუქტისათვის დამახასიათებელია საკმაოდ ძლიერი ანტიმიკრობული, ანტიბაქტერიული და ანტივირუსული თვისებები, რის გამოც მას ხშირად ვაწყდებით ხალხური მედიცინის რეცეპტებში.
აღსანიშნავია იოდის საკმაოდ მაღალი კონცენტრაცია კაკლის უღელში, რის ხარჯზეც ის ითვლება ერთ-ერთ საუკეთესო პროდუქტად ჩვენს ორგანიზმში ამ უმნიშვნელოვანესი ელემენტის მარაგის შესავსებად. განსაკუთრებით დიდი ყურადღება უნდა დაუთმონ მოცემულ პროდუქტს იმ პაციენტებმა, რომელთაც მასტოპათია, ადენომა, მიომა ან იმუნიტეტის დაქვეითება აწუხებთ.
კაკლის უღელის სამკურნალო ნაყენები
კაკლის უღელის ნაყენები სარგებლობს საკმაოდ დიდი პოპულარობით ხალხურ მედიცინაში და გამოიყენება არაერთი სერიოზული და საშიში დაავადების სამკურნალოდ. მაგალითად, რადიკულიტისა და სახსრების ძლიერი ტკივილის შემთხვევაში, არაჩვეულებრივია სპირტზე მომზადებული კაკლის უღელის ნაყენი. ამ ნაყენის რეგულარულად მირთმევას უწევენ რეკომენდაციას უძილობის, მეხსიერების დაქვეითების, თავის ტკივილისა და ნერვოზის შემთხვევაშიც.
არაჩვეულებრივია კაკლის უღელის ნაყენი ორგანიზმში იოდის მარაგის შესავსებადაც. როგორც მოგეხსენებათ, ამ უმნიშვნელოვანესი ელემენტის დეფიციტი შეიძლება საფუძვლად ჩაეყაროს არაერთი სერიოზული დაავადების განვითარებას.
რა შემთხვევაში და როგორ გამოვიყენოთ კაკლის უღელის ნაყენი
1. პანკრეატიტი
ჩაასხით მინის ქილაში 150 მილილიტრი ოჯახის არაყი და ჩაყარეთ სამი სუფრის კოვზი კაკლის გამომშრალი და დაფქული უღელი. დააყოვნეთ მასა 7 დღე-ღამის განმავლობაში (პერიოდულად კარგად შეანჯღრიეთ). მზა ნაყენი გახსენით 5 წვეთის ოდენობით მეოთხედ ჩაის ჭიქა ოთახის ტემპერატურის წყალში და მიირთვით ყოველ დილას, უზმოზე. თუ პანკრეატიტის სამკურნალოდ ამ ნაყენის გამოყენებას გადაწყვეტთ, ის უნდა მიიღოთ ყოველ დილას მინიმუმ 14 დღის და მაქსიმუმ 3 თვის განმავლობაში.
2. ათეროსკლეროზი, არითმია
აიღეთ მინის ქილა, ჩაყარეთ მასში კაკლის გამომშრალი უღელი და დაასხით იმ რაოდენობით არაყი, რომ მყარი მასა ბოლომდე დაიფაროს. დააყოვნეთ ეს საშუალება 7 დღის განმავლობაში სიბნელეში, მზის სხივების პირდაპირი ურთიერთქმედებისაგან დაცულ ადგილას. მზა საშუალება გახსენით 200 მილილიტრ თბილ წყალში 30 წვეთის ოდენობით, კარგად მოურიეთ და მიირთვით დილას, უზმოზე.
3. შაქრიანი დიაბეტი
თუ შაქრიანი დიაბეტი გაწუხებთ, მდგომარეობის საგრძნობლად შესამსუბუქებლად და ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად გამოიყენეთ შემდეგი ნაყენი: კაკლის გამომშრალი და დაფქული უღელი აიღეთ 3 სუფრის კოვზის ოდენობით, ჩაყარეთ ქილაში და დაასხით დაახლოებით 150 მლ არაყი. დააყოვნეთ ეს საშუალება 1 კვირის განმავლობაში ბნელ ადგილას და დაიწყეთ მისი მიღება ყოველ დილას 5 წვეთის ოდენობით (გახსენით მცირეოდენ თბი წყალში). კურსის ხანგრძლივობა – 21 დღიდან 3 თვემდე.
4. რადიკულიტი და სახსრების ტკივილი
მინის ქილაში მოათავსეთ დაახლოებით 40 გრამი უღელი და დაასხით 100-150 მლ ოჯახის არაყი. დააყოვნეთ ეს საშუალება 2 კვირის განმავლობაში და დაიწყეთ მისი გამოყენება კომპრესების სახით: რეგულარულად კარგად დაიმუშავეთ სხეულის პრობლემური მონაკვეთები ამ ნაყენით და შეიხვიეთ თბილად.
5. ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები
200-250 გრამ უღელს დაასხით ნახევარი ლიტრი არაყი და დააყოვნეთ ბნელ ადგილას 2 კვირით. მიიღეთ ეს საშუალება დღეში 3-ჯერ 30 წვეთის ოდენობით (გახსენით მეოთხედ ჩაის ჭიქა თბილ წყალში).
6. მასტოპათია
ამოაცაეთ უღელი 30 კაკალს, ჩაყარეთ ქილაში და დაასხით 150 მილილიტრი არაყი. მიღებული ნარევი დააყოვნეთ 10 დღე-ღამის განმავლობაში (პერიოდულად კარგად შეანჯღრიეთ). მზა ნაყენი მიიღეთ ყოველ დილას 15 წვეთის ოდენობით. კურსის ხანგრძლივობა – 2 თვე.
7. კუჭისა და ნაწლავების წყლულები
1 ლიტრ ღვინის 40 გრადუსიან სპირტში ჩაყარეთ 200 გრამი უღელი და დააყოვნეთ 21 დღის განმავლობაში ბნელ ადგილას. მზა ნაყენი მიირთვით დღეში 1 სუფრის კოვზის ოდენობით (გახსენით მცირეოდენ თბილ წყალში).
კაკლის უღელის ნაყენი უკუჩვენებითია მწვავე გასტირტის შემთხვევაში. ამ საშუალების გამოყენებისაგან თავი უნდა შეიკავონ იმ პაციენტებმა, რომელთაც ეგზემა ან ნეიროდერმიტი აწუხებთ.
გახსოვდეთ, თვითმკურნალობა შეიძლება სახიფათო აღმოჩნდეს თქვენი ჯანმრთელობისთვის. ნებისმიერი ხალხური საშუალების მიღებამდე აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ოჯახის ექიმთან.