4 რეცეპტი, რომელიც ჩემი რეცეპტების ტოპ ათეულშია. გასწავლით, როგორ მოვამზადოთ ყველაზე გემრიელი პური!

8399

შემოგთავაზებთ რეცეპტებს, რომელთა მიხედვით მოამზადებთ სხვადასხვა არომატის პურს. აირჩიეთ თქვენთვის სასურველი და გამოაცხვეთ ძალიან გემრიელი და ფუმფულა პური!

შვრიის პური

შვრიის პური_ფინური პური_საუკეთესო ვარიანტია მათთვის, ვისაც წონის პრობლემა აქვს. შვრია პურს განსაკუთრებულ ტექსტურას, გემოსა და არომატს ანიჭებს და ისეთი გემრიელია, რომ მაღაზიაში ნაყიდი პურის მოთხოვნილება საერთოდ გაგიქრებათ.

შვრიის პურის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • შვრიის ფანტელი 75 გრ
  • ხორბლის ფქვილი 200 გრ (შეგიძლიათ მოამზადოთ ცეხვილი ფქვილით, ქატოთი, ჭვავით)
  • მარილი 1 ჩ. კ.
  • წყალი 300 მლ
  • საფუარი ჩაის კოვზამდე

მომზადების წესი:

  1. შვრიის ფანტელს დაამატეთ მარილი, დაასხით 300 მლ თბილი წყალი, მოურიეთ და გააჩერეთ 10 წუთი.
  2. შეაზილეთ გაცრილი ფქვილი და საფუარი. მიიღებთ წებოვან ცომს. გადააფარეთ ტილო და გააჩერეთ 20-30 წუთი.
  3. აფუებული ცომი გადაიტანეთ ცხიმწასმულ საცხობ ფორმაში. ზემოდან მოაყარეთ შვრიის ფანტელი და გააჩერეთ კიდევ 20 წუთი.
  4. ღუმელი გააცხელეთ 190 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 50 წუთი.

რძიანი პური

რძიანი პური, როგორც რძიანი ფუნთუშები_იაპონელი მზარეულების სიამაყეა. სპეციალური ტექნოლოგიით მომზადებული პური გამოდის ნაზი, ფაფუკი და ჰაეროვანი, როგორც ღრუბელი. ის ფაქტიურად დნება პირში. პურის უნიკალურობას განაპირობებს ის, რომ ცომის ნაწილს ადუღებთ და შემდეგ (თბილს) უმატებთ დანარჩენ მასას. ცომი იმატებს რამდენჯერმე და ხდება ფოროვანი.

მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • რძე 250 მლ
  • საფუარი ნახევარი ჩ. კ.
  • მარილი 1 ჩ. კ.
  • კარაქი 20 გრ
  • ხორბლის ფქვილი 360 გრ
  • შაქარი 2 ს. კ.
  • კვერცხი 2 ცალი

მომზადების წესი:

  1. 150 მლ თბილ რძეს შეურიეთ შაქარი, საფუარი და გააჩერეთ 15 წუთი.
  2. 100 მლ თბილ რძეს შეურიეთ 1 ს. კ. ფქვილი, დადგით დაბალ ცეცხლზე და ურევთ განუწყვეტლივ. ადუღებისთანავე გადმოდგით ცეცხლიდან.
  3. ცალკე თასში აურიეთ დარჩენილი ფქვილი, მარილი, 1 კვერცხი, კარაქი. შემდეგ დაამატეთ საფუვრიანი რძე და რძისა და ფქვილის თბილი ნარევი და მოზილეთ ფაფუკი ცომი.
  4. ცომი მოათავსეთ ცხიმწასმულ თასში, გადააფარეთ ტილო და დაელოდეთ აფუებას. აფუებას დასჭირდება, დაახლოებით საათ-ნახევარი.
  5. დაგჭირდებათ კექსის საცხობი ფორმები. მზა ცომი გაყავით სამ ნაწილად და გაანაწილეთ საცხობ ფორმებში. გადააფარეთ ტილო და გააჩერეთ, დაახლოებით საათ-ნახევარი.
  6. კვერცხს დაამატეთ 2 ს. კ. რძე და ათქვიფეთ. მიღებული მასა სილიკონის ფუნჯით წაუსვით აფუებულ ცომებს. ღუმელი გააცხელეთ 190 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 30 წუთი.

ბოსტნეულის პური

თუ გსურთ, ოჯახის წევრები გააოცოთ თქვენი კულინარიული ოსტატობით, აუცილებლად მოამზადეთ ავსტრალიური პური. ფერადი პური აერთიანებს 4 უჩვეულო არომატს: კლასიკურს, პამიდორს, ჭარხალსა და ისპანახს. სხვადასხვაფერი ბუნებრივი ინგრედიენტების სიმრავლის წყალობით, პური გამოდის  გემრიელი, ფაფუკი, ფერადი და ვიზუალურად ძალიან ლამაზი.

მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • პამიდვრის წვენი 110 მლ
  • ჭარხლის წვენი 110 მლ
  • საფუარი 20 გრ
  • მარილი ერთ-ნახევარი ს. კ.
  • ფქვილი 600 გრ
  • წყალი 110 მლ
  • ისპანახი 110 გრ
  • მზესუმზირის ზეთი 4 ს. კ.
  • შაქარი 4 ს. კ.

მომზადების წესი:

  1. ისპანახი დააქუცმაცეთ, დაასხით ცოტა წყალი, დაახლოებით 50-60 მლ-მდე, და დააბლენდერეთ. მთლიანი მოცულობა უნდა იყოს 110 მლ. მიღებული მასა მოათავსეთ საშუალო ზომის თასში.
  2. მოამზადეთ ჭარხლისა და პამიდვრის წვენები და ისპანახის მსგავსად მოათავსეთ ცალ-ცალკე ჭურჭელში. 110 მლ თბილი წყალიც ჩაასხით ცალკე თასში. თითოეულს (ისპანახის, პამიდვრისა და ჭარხლის წვენებს, წყალს) დაამატეთ თითო-თითო სუფრის კოვზი შაქარი, 5-5 გრ საფუარი. მოურიეთ და გააჩერეთ 10 წუთი.
  3. ჭარხლის წვენიან მასას დაამატეთ 150 გრ გაცრილი ფქვილი, მეოთხედი ჩ. კ. მარილი, 1 ს. კ. ზეთი და მოზილეთ ცომი. ჭარხლის ცომი მზად არის.
  4. იმავე წესის მიხედვით მოამზადეთ კლასიკური ცომი, ცომი პამიდვრის წვენით და ცომი ჭარხლის წვენით.
  5. თითოეული ცომი ამოაგუნდავეთ ზეთიანი ხელით და რიგ-რიგობით ჩადეთ თასში, გადააფარეთ ტილო და გააჩერეთ 1 საათი.
  6. აფუებული გუნდები რიგრიგობით გადმოიტანეთ ფქვილმოყრილ ზედაპირზე და მოამზადეთ სვადასხვაფერი გრძივი გუნდები. ფერადი ცომები უნდა დააწყოთ ისე, რომ გამოსახოთ ბადე ან მიეცით თქვენთვის სასურველი ფორმა. ფრთხილად გადაიტანეთ საცხობ ფორმაში, გადააფარეთ ტილო და გააჩერეთ 40 წუთი.
  7. ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 40 წუთი. ფორმიდან ამოიღეთ გამოცხობისთანავე და დაჭერით თბილი.

როზმარინის პური

მხოლოდ 1 კოვზი როზმარინი ჩვეულებრივ პურს დელიკატესად აქცევს. როზმარინის პური უნდა გამოაცხოთ თუჯის ტაფაში.

საჭირო ინგრედიენტები:

  • ხორბლის ფქვილი 3 ჩ. ჭ.
  • ნიორი 3 კბილი
  • მარილი ერთ-ნახევარი ჩ. კ.
  • საფუარი ნახევარი ჩ. კ.
  • სიმინდის ფქვილი 2 ს. კ.
  • ნედლი როზმარინი (დაჭრილი) 1 ს. კ.
  • შავი პილპილი გემოვნებით
  • წყალი ერთ-ნახევარი ჩ. ჭ.

მომზადების წესი:

  1. ღრმა თასში აურიეთ გაცრილი ფქვილი, როზმარინი, მარილი, შავი პილპილი, საფუარი, დაამატეთ ოთახის ტემპერატურის წყალი და მოზილეთ ცომი. ზელთ 1-2 წუთი. მიიღებთ წებოვან ცომს. გადააფარეთ საკვების პარკი და მთელი ღამე გააჩერეთ ოთახის ტემპერატურაზე.
  2. თუჯის ტაფას წაუსვით ზეთი, ძირზე მოაყარეთ სიმინდის ფქვილი და მზა ცომი გადაიტანეთ ტაფაში. გადააფარეთ ტილო და გააჩერეთ 2 საათი.
  3. ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 30-40 წუთი.

როზმარინისა და ნივრის კომბინაციით მომზადებული პური გამორჩეულია დახვეწილი არომატით. ძალიან უხდება წვნიან კერძებს.

გემრიელად მიირთვით!