როგორ გამოვიყენოთ ხნა და ინდიგო თმის შავად ან ყავისფრად შესაღებად. ნებისმიერ საღებავზე ეფექტური და უსაფრთხოა

351

კლასიკური თმის საღებავები შეიცავს ქიმიკატებს, რომლებიც უარყოფითად მოქმედებს თმის ჯანმრთელობაზე და შეიძლება გამოიწვიოს ისეთი ცვლილებები, როგორიცაა თმის გაუხეშება, დაზიანება, ცვენა, თავის კანის გამოშრობა. ხნა და ინდიგო_მცენარეული საღებავებია, რომლებიც ქიმიური საშუალებების ჯანსაღი და უსაფრთხო ალტერნატივაა. თმის შეღებვის გარდა, მცენარეულ  საღებავებში შემავალი ბუნებრივი ინგრედიენტები აძლიერებს თმის მბზინვარებას, ასტიმულირებს თმის ზრდას, აფერხებს ცვენას.

ხნა ყველაზე გავრცელებული ბუნებრივი საღებავია, ინდიგო კი უფრო ნაკლებად ცნობილია. ალბათ დაგაინტერესებთ, რა არის ინდიგო? ინდიგოს ამზადებენ ტროპიკული მოყვავილე მცენარისგან ინდიგოფერასგან. ინდიგოს თავდაპირველად ინდოეთში ამზადებდნენ და სახელწოდებაც სწორედ აქედან მოდის. აქვს მდიდარი მუქი ლურჯი ფერი და გამოიყენება ძირითადად ტანსაცმლის, განსაკუთრებით ჯინსების,  შესაღებად. ინდიგო ასევე გამოიყენება ხნასთან ერთად, როგორც თმის ბუნებრივი საღებავი. ხნასთან კომბინაციით თმა იღებს სასიამოვნო ყავისფერ ფერს, ხოლო თუ ინდიგოს წაისვამთ ხნით დამუშავებულ თმაზე მიიღებთ მბზინვარე მუქ შავ ფერს.

გარდა ამისა, ინდიგოს რეგულარულად გამოყენება აფერხებს გაჭაღარავების პროცესს. ინდიგოს ექსტრაქტი ასტიმულირებს თმის ახალი ფოლიკულების ზრდას და ანიჭებს თქვენს თმას ჯანსაღ მბზინვარებასა და მდიდარ ფერს.

შემოგთავაზებთ ბუნებრივი საღებავების გამოყენების ნაბიჯ-ნაბიჯ ინსტრუქციებს, რომელთა საშუალებით მიიღებთ სრულყოფილ შედეგს. ფერის მდგრადობა დამოკიდებულია თქვენი თმის სისქესა და ბუნებრივ ფერზე.

ხნა და ინდიგო შავი ფერის მისაღებად  

პროცედურა მოიცავს 2 ეტაპს. არ შეიძლება ამ ორი კომპონენტის უბრალოდ აღება და შერევა, რადგან ამ შემთხვევაში მიიღებთ ყავისფერს ან ღია ყავისფერს. იმისათვის, რომ მიიღოთ შავი ფერი, ჯერ უნდა წაისვათ ხნა, ხოლო შემდეგ_ინიდგო.

საჭირო ინგრედიენტები:  

  • ხნა (მოკლე თმისთვის დაგჭირდებათ 100 გრ, საშუალო სიგრძის თმისთვის_200 გრ, გრძელი თმისთვის_300 გრ)
  • ინდიგოს ფხვნილი (მოკლე თმისთვის დაგჭირდებათ 100 გრ, საშუალო სიგრძის თმისთვის_200 გრ, გრძელი თმისთვის_300 გრ)
  • 1 ცალი ლიმონის წვენი (ლიმონის წვენი შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ C ვიტამინით მდიდარი ნებისმიერი ციტრუსის წვენით)
  • მარილი 1 ჩ. კ.
  • სიმინდის სახამებელი 2 ჩ. კ.
  • წყალი

მინის თასი, დიდი კოვზი, პოლიეთილენის პარკი, თმის შესაღები ფუნჯი, პირსახოცი, შხაპის ქუდი, რეზინის ხელთათმანი

შეღებვის პროცესი:

1-ლი ნაბიჯი: ხნის წასმა

  1. მინის ჭურჭელში აურიეთ ხნა და 1 ცალი ლიმონის წვენი.
  2. ამატებთ ცოტა-ცოტა წყალს, უნდა მიიღოთ სქელი პასტისებური მასა.
  3. თასს გადააფარეთ პოლიეთილენის პარკი და გააჩერეთ მთელი ღამე.
  4. თმა დაყავით ნაწილებად. ჯერ შეიღებეთ ერთი ნაწილი თმის ძირებიდან მთელ სიგრძემდე, შემდეგ_მეორე და ა. შ.
  5. დარჩენილი მასა თანაბრად გაინაწილეთ მთელ თმაზე და ხელით კარგად შეიზილეთ.
  6. დაიხურეთ შხაპის ქუდი და გაიჩერეთ რამდენიმე საათი, შეგიძლიათ დაიტოვოთ მთელი ღამით.
  7. თმა ჩამოიბანეთ თბილი წყლით. არ გამოიყენოთ შამპუნი  და კონდენციონერი.

მე-2 ნაბიჯი: ინდიგოს წასმა

  1. ინდიგოს ფხვნილი, მარილი, სიმინდის სახამებელი აურიეთ და ნელ-ნელა დაამატეთ წყალი, უნდა მიიღოთ სქელი პასტისებური მასა.
  2. თმა დაყავით ნაწილებად და მომზადებული საღებავი კარგად წაისვით თმის ძირებიდან ბოლოებამდე.  დაიხურეთ შხაპის ქუდი და დაიტოვეთ მთელი ღამე.
  3. საღებავი ჩამოიბანეთ მხოლოდ თბილი წყლით და მომდევნო 2-3 დღის განმავლობაში არ გამოიყენოთ შამპუნი.

გაითვალისწინეთ, რომ არის შემთხვევები, როდესაც მუქი შავი ფერის მისაღებად, შეიძლება საჭირო გახდეს ინდიგოს  რამდენჯერმე წასმა.

ქერა ან ნაზი ყავისფერი ფერი უფრო მარტივად მიიღწევა, ვინაიდან შეღებვის პროცესი მხოლოდ ერთი ეტაპისგან შედგება, დაახლოებით ნახევარი დრო სჭირდება, ვიდრე თმის შავად შეღებვას.

საჭირო ინგრედიენტები:  

  • ხნა 200 გრ
  • ინდიგო 200 გრ
  • იოგურტი 1 ს. კ.
  • მარილი ნახევარი ჩ. კ.
  • წყალი
  1. მინის ჭურჭელში აურიეთ ხნა და იოგურტი. თანდათან დაამატეთ წყალი ისე, რომ მიიღოთ სქელი პასტისებური მასა.
  2. თასს დააფარეთ პარკი და გააჩერეთ მთელი ღამე.
  3. მეორე დილით შეურიეთ ინდიგოს ფხვნილი, მარილი და ცოტა წყალი პასტის კონსისტენციის დასარეგულირებლად.
  4. შემოიხვიეთ მხრებზე პირსახოცი, გაიკეთეთ რეზინის ხელთათმანი. თმა დაყავით ნაწილებად და საღებავი კარგად წაისვით თმის ძირებიდან მთელ სიგრძემდე.
  5. დარჩენილი საღებავი ხელით შეიზილეთ თმაზე და დაიხურეთ შხაპის ქუდი.
  6. გაიჩერეთ 2 საათი. თმა ჩამოიბანეთ მხოლოდ თბილი წყლით. არ გამოიყენოთ შამპუნი და ბალზამი.

მართალია, ორივე საღებავი მცენარეულია და მათი გამოყენება უსაფრთხოა, მაგრამ გამოყენებამდე აუცილებლად გაიკეთეთ ტესტი. მცირე მასა წაისვით იდაყვის შიგნითა მხრიდან კანზე და დააკვირდით, თუ არ მოჰყვა სიწითლე და გაღიზიანება, თამამად შეიღებეთ თმა ბუნებრივი საღებავებით.