ყველას, ვინც ბისკვიტის გამოცხობას ცდილობს, სურს, რომ ის ფაფუკი და ჰაეროვანი იყოს, მაგრამ ხანდახან იდეალური რეცეპტიც არ არის საკმარისი ამისთვის.
უსწორმასწორო ბისკვიტი გემოზე არ მოქმედებს, თუმცა მისი გაფორმებისას სირთულეებს ვაწყდებით. ჩვენ გასწავლით რამდენიმე ხერხს, რომლის დახმარებითაც ბისკვიტი იქნება ისეთივე მაღალი, როგორიც ფოტოზეა ნაჩვენები.
ბისკვიტის ცხობის საიდუმლო
ჩვენ გასწავლით, როგორ მოამზადოთ იდეალური ბისკვიტი.ამისთვის ყველაზე მთავარი სწორი რეცეპტის ცოდნაა.
ინგრედიენტები
- 210 გრ შაქარი
- 130 გრ ფქვილი
- 6 კვერცხი
- 2 გრ ვანილი
მომზადება
დააცალკევეთ კვერცხის ცილა და გული, შეურიეთ 100 გრამი შაქარი და 2 გრამი ვანილი კვერცხის გულებს, შემდეგ კარგად ათქვიფეთ. მასა უნდა გაიზარდოს და გათეთრდეს.
კვერცხის ცილა ათქვიფეთ სუფთა ჯამში, თანდათან მოუმატეთ სიჩქარეს. როდესაც ცილა შესქელებას დაიწყებს, დაუმატეთ დარჩენილი შაქარი და გააგრძელეთ თქვეფა, სანამ მასა მყარი არ გახდება.
კვერცხის ცილის ერთი მესამედი კარგად აურიეთ კვერცხის გულში, შემდეგ დაუმატეთ კარგად გაცრილი ფქვილი. დარჩენილი ცილა ნელ-ნელა დაუმატეთ მასას და ბისკვიტის ცომიც მზადაა!
საიდუმლო ნომერი 1: ბისკვიტის გამოსაცხობი ტემპერატურა
არ აქვს მნიშვნელობა, როგორ საცხობ ფორმას გამოიყენებთ, საიდუმლო ამაში არ მდგომარეობს. არც გაცხელებული ღუმელი ახდენს ზეგავლენას.
ოპტიმალური საცხობი ტემპერატურა დაახლოებით 170-180 გრადუსია, 40-60 წუთის განმავლობაში, ეს ღუმელის სიმძლავრეზეა დამოკიდებული. თუ თქვენ გამოიყენებთ ჩვენს მეორე რჩევას, ბისკვიტის ცხობის დრო 5-10 წუთით გაიზრდება.
საიდუმლო ნომერი 2: ფოლგა
იდეალური ბისკვიტი მაშინ მიიღება, როდესაც მთელი ცომი კარგადაა გამომცხვარი. ამისათვის, თქვენ ბისკვიტის ცომი არა გაცხელებულ, არამედ ცივ ღუმელში უნდა შედგათ, ზემოდან კი პერფორირებული ფოლგა დააკრათ. თუ თქვენ გაქვთ რეგულარული ფოლგა და არა ნახვრეტებიანი, თქვენვე გაუკეთეთ საჰაეროები ნემსის მეშვეობით. შემდგომ მოათავსეთ ცომი ღუმელში.
საიდუმლო ნომერი 3: მოთმინება
ბევრისთვის კარგადაა ცნობილი, რომ ცხობის დროს არავითარ შემთხვევაში არ უნდა გახსნათ ღუმელი, რაც სრულებით მართალია. ბისკვიტი არ გამოიღოთ ღუმელიდან გამოცხობისთანავე, რადგან იგი მაშინვე დაეცემა, როგორი ფაფუკი და მაღალიც არ უნდა იყოს. ბისკვიტი როგორც კი გამოცხვება, გააღეთ ღუმელის კარი და 10 წუთის განმავლობაში დატოვეთ ასე, შემდეგ სამზარეულოში გააჩერეთ კიდევ 10 წუთით და მხოლოდ ამის შემდეგ ამოიღეთ საცხობი ფორმიდან.
ადამიანები სხვადასხვა რჩევებს იძლევიან: ზოგი საცხობ ფორმაზე სველი ტილოს წასმას გვირჩევს, ზოგი სოდისა და გამაფხვიერებელის გამოყენებას, რაც საერთოდ არ სჭირდება ბისკვიტს, თუმცა, თუ საკუთარ თავში არ ხართ დარწმუნებული, შეგიძლიათ გამაფხვიერებელი გამოიყენოთ, იგი თითქმის შეუმჩნეველია.