ეს დიდებული, დაბალკალორიული დესერტი არასდროს მბეზრდება, თუმცა მისი გამრავალფეროვნება ყოველთვის არის შესაძლებელი რეცეპტში საყვარელი ხილის ჩირებისა და სხვადასხვა თხილეულის ჩამატებით.
ბანანის ჩიზქეიქი ხაჭოთი – დესერტი, რომელიც ჩემს ოჯახში ფავორიტად იქცა! ის საკმაოდ სწრაფად და მარტივად მზადდება, თანაც გამოდის იმდენად გემრიელი და არომატული, რომ მისი მირთმევისგან თავის შეკავება უბრალოდ შეუძლებელია.
ბანანის ჩიზქეიქი
ინგრედიენტები:
- 500 გრამი უცხიმო ხაჭო
- 5-6 კარგად დამწიფებული ბანანი
- 2 ს.კ. ფქვილი
- 1 კვერცხი
მომზადება:
1. ხაჭო მოათავსეთ ბლენდერში და ურიეთ მაღალ სიჩქარეზე რამდენიმე წუთის განმავლობაში, რათა მასში მკვრივი მასები არ დარჩეს.
2. კარგად დამწიფებული ბანანი დასრისეთ ჩანგლით. მიღებული ფაფისებრი მასა ჩაამატეთ ბლენდერში, რომელშიც ხაჭო გაქვთ მოთავსებული, კიდევ ერთხელ კარგად გადაურიეთ და შემდეგ გადაიტანეთ ნარევი ახალ ჭურჭელში.
3. ბანანისა და ხაჭოს ნარევში ჩაამატეთ მოცემული რაოდენობით ფქვილი, 1 მთლიანი კვერცხი და შეუდექით ცომის ამოყვანას. არომატის გაუმჯობესების მიზნით, შეგიძლიათ მწიკვი ვანილის დამატებაც.
4. როდესაც ყველა ინგრედიენტი ერთმანეთში კარგად გაიხსნება, გადაიტანეთ მასა საცხობ ფორმაში, რომელსაც წინასწარ მცირეოდენი კარაქი უნდა შეაზილოთ და გვერდებზე ცოტა ფქვილი მოაყაროთ.
5. მოათავსეთ დესერტი გამოსაცხობად 180 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში და დატოვეთ დაახლოებით 30 წუთით.
6. გემრიელად მიირთვით!
როდესაც დესერტს ღუმელში მოათავსებთ, მისი საოცარი არომატი მთელ სახლში მაშინვე გავრცელდება. პირობას გაძლევთ, ასე მომზადებული ბანანის ჩიზქეიქი დაგემოვნებისთანავე აუცილებლად შეგიყვარდებათ. გირჩევთ, ეს დესერტი ცივად მიირთვათ – ასე კიდევ უფრო გემრიელია!