ლაქების გაჩენა ტანსაცმელზე და პირად ნივთებზე გარდაუვალია. არაფერია იმაზე სამწუხარო, როდესაც საყვარელ პერანგს მხოლოდ იმის გამო ვეღარ ვიცვამთ, რომ მას რთული ლაქა გაუჩნდა, რომელსაც ვერაფრით ვუმკლავდებით. სანერვიულო არაფერია, რადგან დღევანდელ სტატიაში ჩვენი რედაქცია პრობლემიდან მარტივ გამოსავალს გთავაზობთ. საშუალებები, რომელთა შესახებ დღეს გიამბობთ, საკუთარი ეფექტურობით საყოფაცხოვრებო ქიმიას არ ჩამოუვარდება!
ბალიშებიდან, მატრასებიდან და ტანსაცმლიდან ლაქების ამოსაყვანად თქვენ არ მოგიწევთ სხვადასხვა ქიმიკატების გამოყენება, რადგან ამ დავალებას გაცილებით მარტივად გაართმევთ თავს მხოლოდ ნატურალური საშუალებების გამოყენებით. გარდა იმისა, რომ თქვენ აღარ მოგიწევთ ქიმიასთან შეხება, დაზოგავთ საოცრად დიდ დროს, ენერგიასა და თანხას.
როგორ ვებრძოლოთ ყველაზე რთულ ლაქებს
1. ლაქები ხალიჩაზე
დაგჭირდებათ:
- 2 ჩაის ჭიქა თბილი წყალი
- 1 ჩაის კოვზი თხევადი საპონი
- 1 ჩაის კოვზი ძმარი
ინსტრუქცია:
- პირველ რიგში, კარგად დაასველეთ, დაატენიანეთ ხალიჩის დალაქავებული ზედაპირი.
- აიღეთ ნებისმიერი ძველი ქსოვილი და ჩაალბეთ ის თბილი წყლის, თხევადი საპნისა და ძმრის ნარევში. კარგად დაამუშავეთ ლაქა ამ ქსოვილით და დატოვეთ რამდენიმე წუთით.
- ახალი მშრალი ნაჭრით გახეხეთ ხალიჩის დალაქავებული ზედაპირი და მაქსიმალურად შეეცადეთ ლაქების მექანიკურად მოშორებას.
- თუ ლაქა არ გაქრა, საპნის, ძმრისა და წყლის ხსნარი კიდევ ერთხელ გამოიყენეთ.
- სულ ბოლოს ხალიჩა კარგად უნდა გაწმინდოთ ცივ წყალში დასველებული სამზარეულოს ღრუბლით.
2. ლაქები მატრასზე
დაგჭირდებათ:
- 1 ნაწილი საჭმელი სოდა
- 1 ნაწილი თხევადი საპონი
- წყალბადის ზეჟანგი
ინსტრუქცია:
- პირველ რიგში, მტვერსასრუტის გამოყენებით კარგად გაასუფთავეთ თქვენი მატრასი.
- ზემოდან მოაბნიეთ მცირეოდენი საჭმელი სოდა და ძველი ჯაგრისით ფრთხილად შეაზილეთ ის მატრასის ზედაპირს.
- 10-15 წუთის შემდეგ სოდის ნაწილაკები ზედაპირიდან მტვერსასრუტის გამოყენებით ბოლომდე მოაშორეთ.
- ლაქები, რომელთა მოშორება გსურთ, კარგად დაამუშავეთ 1 წვეთი თხევადი საპნისა და 240 მლ წყალბადის ზეჟანგის ნარევით, დატოვეთ სამოქმედოდ 15-20 წუთით და შემდეგ გააპრიალეთ დატენიანებული ქსოვილით. მატრასის შემშრალება შეგიძლიათ ფენით.
3. ლაქები ბალიშზე
დაგჭირდებათ:
- 1 ნაწილი სარეცხი ფხვნილი
- 1 ნაწილი გამათეთრებელი
- 1/2 ნაწილი ბორაქსი (ნატრიუმტეტრაბორატი)
ინსტრუქცია:
- მოათავსეთ ბალიში სარეცხი მანქანის ბარაბანში და დაუმატეთ ფხვნილის, გამათეთრებლისა და ბორაქსის ნარევი.
- სარეცხი მანქანა დააყენეთ 40 გრადუსზე და ჩაურთეთ გავლების რეჟიმი.
- თუ ამ მეთოდით ბალიშებს გარეცხავთ, ლაქებისგან პატარა კვალიც კი არ დარჩება!
4. ოფლის ლაქები ტანსაცმელზე
დაგჭირდებათ:
- 1 ჩაის ჭიქა ძმარი
- 1/2 ჩაის ჭიქა საჭმელი სოდა
- 1 სუფრის კოვზი მარილი
- 1 სუფრის კოვზი წყალბადის ზეჟანგი
ინსტრუქცია:
- აიღეთ ცალკე ჭურჭელი, ჩაასხით მასში 2 ჩაის ჭიქა თბილი წყალი, 1 ჩაის ჭიქა ძმარი და მიღებულ ხსნარში ჩაალბეთ პერანგი 30 წუთით.
- ცალკე ჭურჭელში მოათავსეთ საჭმელი სოდა, მარილი და წყალბადის ზეჟანგი. ურიეთ კბილის პასტის კონსისტენციის მიღებამდე. წყალბადის ზეჟანგს აქვს ლაქის გათეთრების უნარი, ხოლო მარილსა და სოდას ბოლომდე ამოჰყავს ის.
- 30 წუთის შემდეგ ამოიღეთ პერანგი პირველი ხსნარიდან და კარგად გაწურეთ.
- გაწურული პერანგის დალაქავებულ ზედაპირს კარგად შეაზილეთ მომზადებული პასტისებრი მასა და დატოვეთ სამოქმედოდ კიდევ 20 წუთით.
- პროცედურის შემდეგ გაავლეთ ტანსაცმელი გრილ წყალში.
ყველა ეს მეთოდი ნამდვილად მუშაობს და მათი ეფექტურობა ეჭვგარეშეა! ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი აღმოჩნდება. თუ მოგეწონათ სტატია, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებსაც!