იმუნური სისტემა ორგანიზმის უმნიშვნელოვანესი მექანიზმია. სწორედ მის სიძლიერეზეა დამოკიდებული, თუ რამდენად მდგრადი იქნება ჩვენი სხეული სხვადასხვა მავნე მიკროორგანიზმების მიმართ.
ამერიკელი მეცნიერების მტკიცებით, ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და საიმედო გზა იმუნიტეტის ბოლომდე აღსადგენად – რამდენიმე დღიანი შიმშილია.
კვლევის შედეგების თანახმად, შიმშილის დროს ჩვენი ორგანიზმი იშორებს არასაჭირო, დაზიანებულ უჯრედებს. როდესაც შიმშილის შემდეგ პაციენტი უბრუნდება ჩვეულ რეჟიმს, მისი სხეულის ღეროვანი უჯრედები იწყებს ახალი ლეიკოციტების გამომუშავებას, რის ხარჯზეც მიმდინარეობს იმუნიტეტის აღდგენის, განახლებისა და გაძლიერების პროცესი.
შიმშილი 3 დღით – სწორედ ასეა შესაძლებელი ჩვენი ორგანიზმის თავდაცვითი ძალების მაქსიმალურად ამაღლება, რათა საიმედოდ დავიცვათ თავი სხვადასხვა ვირუსებისა და ინფექციებისგან.
გერონტოლოგიისა და ბიოლოგიის პროფესორი ვალტერ ლონგო, რომელიც ამ კვლევის თანაავტორია, ამბობს: “შიმშილი ჩვენი სხეულის ღეროვან უჯრედებს აძლევს სრული წინსვლისა და გამრავლების ბრძანებას, რის ხარჯზეც ძლიერდება არა მხოლოდ იმუნიტეტი, არამედ მწყობრში მოდის ორგანიზმის პრაქტიკულად ყველა სისტემა. შეიძლება ითქვას ისიც, რომ ხანდაზმული ადამიანები შიმშილის ხარჯზე იღებენ სრულიად ახალ იმუნურ სისტემას”.
პაციენტებზე 6 თვიანი დაკვირვებების შედეგად, მეცნიერები მივდინენ იმ დასკვნამდე, რომ პერიოდულად საკვების 2-დან 4 დღემდე ვადით აკრძალვის ხარჯზე, ჩვენს სხეულში საგრძნობლად ფერხდება იმ ჰორმონებისა და ფერმენტების გამომუშავება, რომლებიც დაბერებისა და სხეულში სიმსივნური უჯრედების ზრდა-გამრავლებაზეა პასუხისმგებელი.
“პაციენტებზე დაკვირვებით აღმოვაჩინეთ, რომ უშუალოდ შიმშილობის პროცესში სისხლში ლეიკოციტების რაოდენობა იწყებს კლებას, ხოლო ჩვეულ რეჟიმზე დაბრუნებისას სისხლის თეთრი უჯრედების გამომუშავების პროცესი რამდენჯერმე ჩქარდება” – ამბობს პროფესორი.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ამ მეთოდს უნდა მივმართოთ მხოლოდ გამოცდილი ექიმებისა და დიეტოლოგების დაკვირვების ქვეშ, რათა არ მივაყენოთ ზიანი ორგანიზმს. სამკურნალო მიზნით შიმშილის მაქსიმალური ვადა არის 3 დღე. არავითარ შემთხვევაში გაზარდოთ მისი ვადა თვითნებურად, რათა არ დაიზიანოთ ჯანმრთელობა.