შემოგთავაზებთ ფხვიერი ცომისა და ხილის არომატით გაჯერებული უგემრიელესი ნამცხვრის რეცეპტს.
ცომის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ფქვილი 550 გრ
- კარაქი 300 გრ
- შაქარი 200 გრ
- 1 ცალი კვერცხის გული
- კვერცხი 1 ცალი
- ძმარი 9%-იანი 1 ჩ. კ./სოდა ნახევარი ჩ. კ.
- ვანილი
- მარილი მწიკვი
- თქვენთვის სასურველი ხილფაფა
მომზადების წესი:
- ოთახის ტემპერატურის კარაქი მოათავსეთ ღრმა თასში.
- დაამატეთ შაქარი, ვანილი, მწიკვი მარილი და ათქვიფეთ მიქსერის მაქსიმალურ სიჩქარეზე.
- შეათქვიფეთ 1 ცალი კვერცხი, 1 ცალი კვერცხის გული და სოდისა და ძმრის ნარევი.
- მიქსერი გადაიყვანეთ დაბალ სიჩქარეზე და ნაწილ-ნაწილ შეურიეთ გაცრილი ფქვილი. როდესაც ცომი გასქელდება, გადმოიტანეთ ფქვილმოყრილ ზედაპირზე. ცომს ზელთ ხელით. უნდა მიიღოთ რბილი ცომი.
- მზა ცომი გაყავით ორ ნაწილად. თითოეულ ნაწილს შემოახვიეთ ცელოფანი და 30 წუთით შედეთ მაცივარში.
- აიღეთ თქვენი საცხობი ფორმის შესაბამისი ზომის 2 ცალი პერგამენტის ქაღალდი. თითოეულს მოაყარეთ ფქვილი და ცომის გუნდები გააბრტყელეთ 3-3 მმ სისქის ოთხკუთხედ ფენებად. შემდეგ აიღეთ ქაღალდით და გადაიტანეთ საცხობ ფორმაზე.
- ცომი დაჩხვლიტეთ ჩანგლით და შედეთ 200 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში. გამოსაცხობად დასჭირდება 10-15 წუთი. შემდეგ გამოაცხვეთ მეორე ფენა.
- ოქროსფრად დაბრაწული ფენები გააგრილეთ. ნაპირები გაასწორეთ და ჩამონაჭრელები დაფშხვენით.
- პირველ ფენას წაუსვით თქვენთვის სასურველი ხილფაფა. ძალიან უხდება შინდის ან ვაშლის ჯემი. ეს თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული. შემდეგ დაადეთ მეორე ფენა და წაუსვით ხილფაფა. ზემოდან მოაყარეთ ნაფშხვენები.
- უგემრიელესი, ფხვიერი, ხილის არომატით გაჯერებული ნამცხვარი გააჩერეთ 1 საათი.
გემრიელად მიირთვით და ისიამოვნეთ!