,,შუგარინი“ თმის მოცილების ერთ-ერთ ყველაზე პოპულარული და ძველი მეთოდია. ჯერ კიდევ, ძველ ინდოეთსა და ეგვიპტეში ლამაზმანები არასასურველი თმის მოსაშორებლად იყენებდნენ კარამელის პასტას. ადრე პასტის მოსამზადებლად იყენებდნენ თაფლს, ახლა კი ამზადებენ შაქრის ბაზაზე.
შემოგთავაზებთ ,,შუგარინის“ მომზადების რამდენიმე რეცეპტს, გამოყენების წესებს, გაგიზიარებთ მარტივ რჩევებს და მოგაწვდით მცირე ინფორმაციას ხელნაკეთი პასტის უპირატესობის შესახებ.
,,შუგარინი“ შაქრით
ხელნაკეთი პასტის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- წყალი 4 ს. კ.
- შაქარი 10 ს. კ.
- ლიმონმჟავა ნახევარი ჩ. კ. ან ნახევარი ლიმონის წვენი
მომზადებისა და გამოყენების წესები:
დაგჭირდებათ სქელძირიანი ქვაბი. მოცემული ინგრედიენტები აურიეთ და ქვაბი დადგით დაბალ ცეცხლზე. პერიოდულად მოურიეთ ხოლმე და ადუღეთ კარამელიზებამდე, დაახლოებით 5-7 წუთი. რომ შეამოწმოთ, პასტა მზად არის თუ არა, წვეთი დაასხით თეფშზე. მზა მასა ბურთივით უნდა დამრგვალდეს და ხელებს არ უნდა ეკრობოდეს.
,,შუგარინი“ თაფლით
მგრძნობიარე კანისთვის უმჯობესია პასტას დაამატოთ თაფლი, რა თმა უნდა, თუ თაფლზე ალერგია არ გაქვთ. გამოყენებამდე ჩაიტერეთ ტესტი. მცირე ნაწილი წაისვით მაჯაზე ან იდაყვის შიგნითა მხრიდან კანზე და დააკვირდით რამდენიმე წუთი.
მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- შაქარი 250 გრ
- ლიმონის წვენი მეოთხედი ჩ. ჭ.
- წყალი 1 ს. კ.
- თაფლი 2 ს. კ.
მომზადების წესი:
დაგჭირდებათ სქელძირიანი პატარა ქვაბი. მოცემული ინგრედიენტები აურიეთ. ქვაბი დადგით დაბალ ცეცხლზე. ურევთ განუწყვეტლივ. ადუღეთ 5 წუთი. შემდეგ დაახურეთ ხუფი და ადუღეთ 15-20 წუთი. შიგადაშიგ მოურიეთ ხოლმე. მასა უნდა იყოს რბილი და პლასტიკური.
პასტა ლიმონით
ლიმონის ბაზაზე მომზადებულ პასტას აქვს დამარბილებელი ეფექტი.
საჭირო ინგრედიენტები:
- შაქარი 280 გრ
- ლიმონის წვენი მეოთხედი ჩ. ჭ.
- წყალი მეოთხედი ჩ. ჭ.
მომზადების წესი:
მოცემული ინგრედიენტები მოათავსეთ სქელძირიან ქვაბში. ქვაბი დადგით მაღალ ცეცხლზე. ურევთ განუწყვეტლივ. ადუღებისთანავე დაუწიეთ და დაბალ ცეცხლზე ადუღეთ 5-7 წუთი. მზა მასა უნდა იყოს ქარვისფერი.
გამოყენების წესები:
- მაქსიმალური ეფექტის მისაღებად, სასურველია, 10-14 დღე არ გაიპარსოთ. თმა უნდა იყოს მინიმუმ 5 მმ სიგრძის.
- პროცედურის დაწყებამდე საჭიროა კანის დეზინფექცია და გაშრობა.
- შეიფრქვიეთ საბავშვო პუდრი. ფხვნილი შეიწოვს ნესტს.
- პასტის მცირე ნაწილი მოაწყვიტეთ და ხელით დაარბილეთ.
- პასტა წაისვით თმის ზრდის მიმართულების საპირისპიროდ და მკვეთრი მოძრაობებით აიძვრეთ თმის ზრდის მიმართულებით.
- პროცედურის ბოლოს პასტის ნარჩენები ჩამოიბანეთ და წაისვით დამამშვიდებელი საცხი.
გარდა იმისა, რომ პროცედურა ბიუჯეტურია, სხვა მრავალი უპირატესობაც აქვს.
- პირველ რიგში, ალერგიის ან ინფექციის მინიმალური რისკი.
- მეორე, პროცესი გაპარსვასთან შედარებით ნაკლებად უსიამოვნო და ბევრად ეფექტურია.
- მესამე, ყოველი მომდევნო პროცედურის შემდეგ საგრძნობლად მცირდება თმის რაოდენობა.
- მეოთხე, შაქრიანი მასა ნაწილობრივ ახდენს კანის პილინგს.
ხელნაკეთი პასტა შეგიძლიათ გამოიყენოთ სხეულის ნებისმიერ უბანზე. გლუვი კანის ეფექტი გრძელდება გამოყენებიდან 10-12 დღე.