ერთი შეხედვით, პურის შინ გამოცხობა ძალიან მარტივია. ჩვეულებრივი წესის მიხედვით ზელთ საფუვრიან ცომს და ელოდებით აფუებას. არსებობს პატარ-პატარა ხრიკები და საიდუმლოებები, რომელთა გათვალისწინებით ბევრად უფრო კარგ ცომს მიიღებთ და თქვენი გამომცხვარი პურით თავს მოიწონებთ.
შემოგთავაზებთ ძალიან გემრიელი და არომატული პურის რეცეპტს და გაგიზიარებთ რამდენიმე მარტივ წესს, რომელთა გათვალისწინებით მიიღებთ სასწაულ ცომს და მიირთმევთ უგემრიელეს პურს.
- ცომისთვის საჭირო ინგრედიენტებს დაამატეთ 1 ს. კ. არაყი და 2-3 ს. კ. ზეითუნის ზეთი. არაყი დაამატეთ ხინკლის ცომსაც და ბევრად უფრო კარგი ცომი გამოგივათ.
- აფუების პროცესში საფუვრიანი ცომი ერთხელ მაინც ჩაზილეთ. სწორედ, ზელის სისწორეზეა დამოკიდებული პურის ხარისხი. ცომის ჩაზელა ხელს უწყობს ნახშიროჟანგის გამოყოფას, რომლის სიჭარბე უარყოფითად მოქმედებს აფუებაზე.
- ხარისხიანი, კარგად აფუებული და ფორებიანი ცომის მისაღებად, აფუების პროცესში აუცილებლად გადმოიტანეთ ის ფქვილმოყრილ ზედაპირზე, ჩაზილეთ და ხელით გააბრტყელეთ ოთხკუთხედ ფენად. გადაკეცეთ-გადმოკეცეთ კონვერტისებურად, მოამრგვალეთ, ჩადეთ თასში და დადგით ასაფუებლად.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ცომის რამდენჯერმე ჩაზელა აუმჯობესებს მის სტრუქტურას. პური გამოდის უფრო ფუმფულა და ფორებიანი.
შემოგთავზებთ რეცეპტს, რომლის მიხედვით, რა თქმა უნდა, თუ ზემოთ მოცემულ წესებსაც გაითვალისწინებთ, მოამზადებთ ფაფუკ, რბილ, ჰაეროვან და სურნელოვან პურს.
მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ფქვილი 600-650 გრ
- წყალი 300 მლ
- დაპრესილი საფუარი 25 გრ
- შაქარი 1 ს. კ.
- მარილი სუფრის კოვზამდე
- ზეითუნის ზეთი 3-4 ს. კ.
- არაყი 1 ს. კ.
- არაჟანი 1-2 ს. კ. (თქვენი სურვილის მიხედვით)
მომზადების წესი:
- თბილ წყალში გახსენით საფუარი, შაქარი, მარილი, არაჟანი და აურიეთ. თანდათან შეაზილეთ გაცრილი ფქვილი.
- ცომს მოასხით ზეთი და აგრძელებთ ზელას. მზა ცომი გადაიტანეთ თასში, გადააფარეთ ტილო და დადგით ასაფუებლად. რამდენჯერმე ჩაზილეთ ზემოთ მოცემული წესის მიხედვით.
- აფუებული ცომი გადმოიტანეთ ფქვილმოყრილ ზედაპირზე. ამოაგუნდავეთ. გაანაწილეთ ცხიმწასმულ საცხობ ფორმებში, გადააფარეთ სამზარეულოს ტილო და გააჩერეთ კიდევ 30 წუთი.
- ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 35-40 წუთი.
- პური შეგიძლიათ გამოაცხოთ უსაფუვროდაც.
- ჩვეულებრივი წესის მიხედვით, მხოლოდ არ დაამატოთ საფუარი, მოზილეთ ძალიან პატარა ცომი. ცომი მოათავსეთ კონტეინერში და დადეთ ოთახის ტემპერატურაზე. გააჩერეთ 1-2 დღე. დამჟავებული ცომით შეგიძლიათ გამოაცხოთ უგემრიელესი პური.
ძალიან სასარგებლოა და გემრიელია ცეხვილი ფქვილით გამომცხვარი უსაფუვრო პური. შეგიძლიათ დაამატოთ ცოტა ძირა ან თქვენთვის სასურველი სხვა სანელებელი.
გემრიელად მიირთვით!