მზის სხივების გადამეტებული ზემოქმედება იწვევს კანის დამწვრობას. ულტრაიისფერი სხივები აღწევს კანში და იწვევს ეპიდერმული ქსოვილის სიკვდილს. კანის დამწვარი უბანი წითლდება და მასთან შეხებაც კი მტკივნეულია. გარდა ამისა, შეიძლება დამწვარი ზონა დაიფაროს სითხით სავსე ბუშტუკებით ან განვითარდეს გამონაყარი, შეიძლება მოიმატოს სხეულის ტემპერატურამ და იზრდება ორგანიზმის გაუწყლოების რისკი.
დაუყონებლივ დაიწყეთ მზისგან მიღებული დამწვრობის მკურნალობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება სერიოზულად დაგიზიანდეთ კანი.
სასურველია, გამოიყენოთ ხალხური საშუალებები. გაგიზიარებთ ბუნებრივ ინგრედიენტებზე დაფუძნებულ რამდენიმე მარტივ მეთოდს, რომლებიც ამშვიდებს კანს, ამცირებს კანის წვას და აყუჩებს დამწვრობით გამოწვეულ ტკივილს.
პირველ რიგში, აუცილებლად მიიღეთ გრილი შხაპი. შეგიძლიათ გაიკეთოთ ცივი წყლის კომპრესები. დეჰიდრატაციის თავიდან ასაცილებლად ძალიან მნიშვნელოვანია წყლის საჭირო რაოდენობით მიღება, რადგან მზის ზემოქმედების გამო ჩვენი ორგანიზმი კარგავს სითხესა და მინერალურ მარილებს.
ცივი რძის კომპრესები
რძე თავისი შემადგენლობის წყალობით ამშვიდებს კანს. ცივი რძით გააჯერეთ რბილი ქსოვილი, ოდნავ გაწურეთ და დაიდეთ დაზიანებულ კანზე. გაიჩერეთ 20 წუთი. შემდეგ აუცილებლად ჩამოიბანეთ ცივი წყლით.
გვირილის ჩაი
გვირილას აქვს დამამშვიდებელი ეფექტი, ამიტომ შესანიშნავია მზის დამწვრობის შემდეგ ტკივილისა და უსიამოვნო წვის შეგრძნების შესამსუბუქებლად.
მოამზადეთ გვირილის ნაყენი, გააგრილეთ, შედეთ მაცივარში ან დაამატეთ ყინულის კუბიკები. მარლა ან რბილი ქსოვილი გააჯერეთ ცივი ნაყენით, ოდნავ გაწურეთ და დაიდეთ დამწვრობის ადგილზე.
ალოე ვერა
ალოე ვერას რბილობი წაისვით დაზიანებულ კანზე. ალოე ხსნის ტკივილს, აღადგენს კანს, ასტიმულირებს სწრაფ შეხორცებას.
შვრია
შვრიის ფაფა ატენიანებს და ამშვიდებს დამწვარ კანს. შვრიის ფანტელი დაფქვით, დაასხით თბილი წყალი (ინგრედიენტები აიღეთ იმ პროპორციებით, რომ მიიღოთ თხელი არაჟნის სისქის მასა), აურიეთ და ცოტა ხანს გააჩერეთ. მომზადებული ფაფა მსუბუქი წრიული მოძრაობებით წაისვით დამწვარ ადგილებზე. გაიჩერეთ რამდენიმე წუთი. შემდეგ ჩამოიბანეთ ცივი წყლით.
ვაშლის ძმარი
მზისგან მიღებული დამწვრობის სამკურნალოდ ვაშლის ძმარი ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. ამშვიდებს კანს, აყუჩებს ტკივილს, აფერხებს ბუშტუკების წარმოქნას, კანის აქრეცვლას.
მოამზადეთ ვაშლის ძმრისა და წყლის ნარევი. 1 ჭიქა ვაშლის ძმარს შეურიეთ 1 ჭიქა წყალი. მომზადებული ნარევით გააჯერეთ რბილი ქსოვილი, ოდნავ გაწურეთ და დაიფინეთ დაზიანებულ კანზე. ცვალეთ ყოველ 15 წუთში.
მზის დამწვრობის თავიდან აცილების საუკეთესო გზა მზისგან თავის დაღწევა და პრევენციული ღონისძიებების გატარებაა, კერძოდ, მზისგან დამცავი საშუალებების გამოყენება და საჭირო რაოდენობის წყლის მიღება.
როგორ ებრძვით დამწვრობას თქვენ? აუცილებლად გაგვიზიარეთ თქვენი ცოდნა და გამოცდილება, ასე ერთმანეთს ძალიან დავეხმარებით. გისურვებთ ჯანმრთელობას!