შემოგთავაზებთ თურქული ბურეკის რეცეტს. ძალიან მარტივად ამზადებთ ფენოვან ცომს და თხლად გაბრტყელებულ ჰაეროვან ცომში აახვევთ თქვენთვის სასურველ შიგთავსს. უგემრიელესი ნამზადი გულგრილს არავის დატოვებს.
ფენოვანი ცომის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- წყალი 2 ჩ. ჭ.
- კვერცხი 2 ცალი
- მარილი 1 ჩ. კ.
- ფქვილი 5,5 ჩ. ჭ.
- კარაქი 125 გრ
- ყველი ან ნებისმიერი თქვენთვის სასურველი სხვა შიგთავსი
- 1 ცალი კვერცხის გული ზემოდან წასასმელად
მომზადების წესი:
1. კვერცხს დაამატეთ მარილი, დაასხით წყალი და აურიეთ. ნაწილ-ნაწილ შეაზილეთ გაცრილი ფქვილი და მოზილეთ მკვრივი ცომი. ცომი ხელებზე არ უნდა გეკრობოდეთ.
2. მზა ცომი გაყავით 2 თანაბარ ნაწილად, გადააფარეთ პარკი და დაასვენეთ 5-7 წუთი.
3. ცომი გააბრტყელეთ რაც შეიძლება თხელ ფენად. ცომთან მუშაობა ძალიან მარტივია, არ იხევა და არ ეწებება მაგიდას. შემდეგ წაუსვით დარბილებული კარაქი.
4. ცომის ზედა და ქვედა კიდეები გადაკეცეთ ცენტრისკენ და კვლავ წაუსვით კარაქი. შემდეგ მარჯვენა და მარცხენა კიდეები გადმოკეცეთ ცენტრისკენ და წაუსვით კარაქი.
5. შემდეგ კიდევ ერთხელ გადაკეცეთ. ანალოგიურად მოამზადეთ ცომის მეორე გუნდაც. მზა ცომებს შემოახვიეთ საკვების ცელოფანი და 1 საათით შედეთ მაცივარში.
6. მითითებული დროის გასვლის შემდეგ ცომი გამოიღეთ მაცივრიდან და გააბრტყელეთ თხელ (ძალიან არ გაათხელოთ) ოთხკუთხედ ფენად. დაჭერით 16 თანაბარ ნაწილად. თითოეული ნაწილის ცენტრში დადეთ თქვენთვის სასურველი შიგთავსი, ოთხივე კიდე გადმოკეცეთ ცენტრისკენ და შეკარით.
7. საცხობ ფორმაზე დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი და მზა ღვეზელები გადაიტანეთ ფორმაზე. 1 ცალი კვერცხის გული ათქვიფეთ და წაუსვით სილიკონის ფუნჯით.
8. ღუმელი გააცხელეთ 100 გრადუს ტემპერატურაზე. დაიბრაწება თუ არა ოქროსფრად, გადმოიტაანეთ ლანგარზე და მიირთვით გემრიელად!