კოსმეტიკური ყინული კანის ნაკლოვანებათა წინააღმდეგ. ბიუჯეტური, თანაც ძალიან ეფექტურია

289

იმისათვის, რომ ახალგაზრდულად გამოვიყურებოდეთ,  რეგულარულად უნდა ვიზრუნოთ კანზე. მთავარია, მონდომება და სასურველი შედეგის მიღება ბიუჯეტური პროდუქტების საშუალებითაც არის შესაძლებელი. გირჩევთ, ნუტრიენტებით მდიდარი ხილითა და ბოსტნეულით მოამზადოთ კოსმეტოლოგიური ყინული და იზრუნოთ თქვენს სილამაზეზე.

რატომ არის ყინული კანისთვის სასარგებლო? ის აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ხსნის შეშუპებას, ავიწროებს ფორებს და ასწორებს წვრილ ნაოჭებს. სხვადასხვა სამკურნალო ნაყენებით მომზადებული ყინულის კუბების რეგულარულად გამოყენება ათანაბრებს კანის ტონს, წმენდს კანს და აქვს სამკურნალო ეფექტი.

მატონიზირებელი საშუალებები  

მინერალური წყალი

ნებისმიერი მინერალური წყალი, აუცილებლად გაზგასული, გაანაწილეთ ყინულის ფორმაში. მინერალური წყლის კუბები  კანის გასაწმენდად გამოიყენეთ დილა-საღამოს.

მწვანე ჩაი

დააყენეთ მაგარი ჩაი, გააგრილეთ, გაყინეთ და მოამზადეთ მატონიზირებელი კუბები. განკუთვნილია დილით გამოყენებისთვის.

საზამთროს წვენი

საზამთროს რბილობი, კურკებისგან გაასუფთავეთ და გაყინეთ. შემდეგ კოსმეტოლოგიური ყინულით გაიწმენდეთ სახე და 15 წუთი არ დაიბანოთ. კანს მიეცით საშუალება, შეიწოვოს სასარგებლო საკვები ნივთიერებები.

მარწყვი

ცხიმიანი კანის გასაწმენდად გამოიყენეთ მარწყვის წვენის ყინულის კუბები.

აკნეს საწინააღმდეგო

ალოე

ალოეს ფოთლები ეკლებისგან გაასუფთავეთ, დაჭერით საშუალო ზომის ნაჭრებად, მოათავსეთ პარკში და მინიმუმ 10 დღით შედეთ საყინულეში. გაჭერით ფოთოლი შუაზე და გაყინული გელით დაიმუშავეთ დაზიანებული ადგილები. ალოეს წვენი ებრძვის აკნეს და ამშვიდებს გაღიზიანებულ კანს.

მარილიანი წყალი

1 ჭიქა წყალში გახსენით 1 ს. კ. მარილი. მარილხსნარი გაანაწილეთ ყინულის ფორმაში და გაყინეთ. მარილიანი კუბიკით დაიმუშავეთ კანი და სახე მაშინვე არ დაიბანოთ, გაიჩერეთ გაშრობამდე. გაშრობის შემდეგ სახე დაიბანეთ ცივი წყლით.

ქრისტესისხლას ნაყენი

2 ს. კ. გამომშრალ ქრისტესისხლას დაასხით 300 მლ ადუღებული წყალი და გააჩერეთ 5 წუთი. ნაყენი გადაწურეთ, გადაიტანეთ ყინულის ფორმაში და გაყინეთ. ქრისტესისხლას ნაყენი ებრძვის გამონაყარს, გაღიზიანებას. ქრისტესისხლა შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ გვირილით.

კანის ტონის გასათანაბრებლად

ბრინჯის ნახარში

100 გრ ბრინჯს დაასხით ნახევარი ლ წყალი და დაბალ ცეცხლზე ადუღეთ 30-40 წუთი. შემდეგ გადაწურეთ, გააგრილეთ, გაანაწილეთ ყინულის ფორმაში და გაყინეთ. გაითვალისწინეთ, გამოსაყენებლად ვარგისია 3 დღე.

ბრინჯის ნახარშის კუბები საუკეთესოა გამონაყარისა და პიგმენტური ლაქების საწინააღმდეგოდ.

ლიმონის წვენი

ნახევარი ლიმონის წვენს დაასხით 200 მლ-მდე მდუღარე და გააგრილეთ. შემდეგ გაანაწილეთ ყინულის ფორმაში და გაყინეთ. ლიმონის წვენი ეფექტურად ამცირებს გაზაფხულის პიგმენტაციას და ათანაბრებს კანის ტონს, მაგრამ მათი გამოყენების შემდეგ 1-2 საათის განმავლობაში მზეზე გასვლა არ შეიძლება. პროცედურის ბოლოს აუცილებლად წაისვით დამატენიანებელი საცხი.

კიტრის წვენი

კიტრის წვენი ხსნის შეშუპებას, აღიავებს ლაქებს, მაგრამ  ლიმონათან შედარებით უფრო მსუბუქია. გამოიყენება ნებისმიერი ტიპის კანზე. კიტრის წვენი გაანაწილეთ ყინულის ფორმაში და გაყინეთ. შეგიძლიათ გამოიყენოთ ყოველდღე.

გრეიპფრუტის წვენი

გრეიპფრუტის წვენისგან მიიღებთ სახის კანისთვის აუცილებელ ყინულის უნივერსალურ კუბიკს, რომელიც  ათანაბრებს და აახალგაზრდავებს კანს.

შეგიძლიათ გაყინოთ გრეიპფრუტის წვენი ან დაჭერით საშუალო ზომის ნაჭრებად, მოაშორეთ აპკი და გაყინეთ.

დამამშვიდებელი

დაფნის ფოთლების ნახარში

აიღეთ დაფნის რამდენიმე ფოთოლი, გარეცხეთ, დაასხით 1 ჭიქა  წყალი და ადუღეთ 5-10 წუთი.

ნახარში ხსნის სიწითლეს, გაღიზიანებას, ამშვიდებს კანს, ავიწროებს ფორებს, ამიტომ რეკომენდებულია მისი გამოყენება სკრაბების შემდეგ.

ვარდის ფურცლების ნაყენი  

ვარდის ფურცლებს (1 ს. კ. ) დაასხით 1 ჭიქა ადუღებული წყალი და გააჩერეთ 30 წუთი. შემდეგ გადაიტანეთ ყინულის კუბების კონტეინერში და გაყინეთ.

ნაყენს აქვს დამამშვიდებელი ეფექტი, კანს ანიჭებს სიგლუვეს და შეეფერება ყველა ტიპის კანს.

ყინული დადებითად მოქმედებს კანზე. ყინულის კუბებს აქვს გამაახალგაზრდავებელი ეფექტი. აირჩიეთ თქვენი კანისთვის შესაბამისი საშუალება და რამდენიმე წამის განმავლობაში შეიზილეთ სახის კანზე, მკერდის ზონასა და კისერზე.