შემოგთავაზებთ უგემრიელესი, არომატული და წვნიანი კერძის რეცეპტს. ,,ბაშამელის“ სოუსით გაჯერებული ფარშის, ყველის, კვერცხის, პამიდვრის სოუსისა და სანელებლების კომბინაციით მიიღებთ კულინარიულ შედევრს, რომელიც კიდევ ერთხელ დაამტკიცებს, რომ უნიკალური მზარეული ხართ. შეგიძლიათ, ჩართოთ თქვენი ფანტაზიები და ყოველ ჯერზე მოამზადოთ განსხვავებული სოუსით.
ფარშის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- კვერცხი 5 ცალი
- საქონლის ან ღორის ხორცი (გატარებული) 250 გრ
- ხახვი 1 დიდი თავი
- თეთრი ღვინო 150 მლ
- მარილი, შავი პილპილი გემოვნებით
- ზეთი (შეგიძლიათ გამოიყენოთ ზეითუნის ზეთი) 3-4 ს. კ.
,,ბაშამელის“ სოუსის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
- რძე ნახევარი ლ
- ფქვილი 2 ს. კ.
- კარაქი 15 გრ
- ზეითუნის ზეთი 2 ს. კ.
- მარილი, შავი პილპილი, ჯავზი გემოვნებით
- პამიდვრის სოუსი 4 ს. კ.
- ყველი 250 გრ
მომზადების წესი:
- ტაფა დადგით საშუალო ცეცხლზე, დაასხით ზეთი და მოთუშეთ ფარში.
- დაამატეთ წვრილად დაჭრილი ხახვი. როდესაც ხახვი გახდება ოქროსფერი, დაასხით თეთრი ღვინო. ცეცხლს დაუწიეთ და ადუღეთ 2-3 წუთი. შიგადაშიგ მოურიეთ ხოლმე.
- კვერცხი მოხარშეთ, გაჭერით შუაზე, ცილა არ დააზიანოთ, და ამოიღეთ გულები. ცილა დააწყვეთ თეფშზე და გვერდზე გადადეთ.
ამზადებთ ,,ბაშამელის“ სოუსს
- ქვაბში ჩაასხით ზეითუნის ზეთი, დაამატეთ კარაქი და დადგით დაბალ ცეცხლზე. ურევთ განუწყვეტლივ და თან ამატებთ ფქვილს, რძეს (მორევა არ შეწყვიტოთ), სანელებლებს, მარილს. ადუღეთ საშუალო სისქის არაჟნის მსგავსი მასის მიღებამდე.
- მომზადებული ფარში გადმოიტანეთ თასზე, დაამატეთ გახეხილი კვერცხის გულები, დაასხით ნახევარი ჭიქა რძიანი სოუსი და კარგად აურიეთ.
მოამზადეთ საცხობი ფორმა
- მომზადებული ფარშით ამოავსეთ ცილის კალათები და დააწყვეთ საცხობ ფორმაზე. ზემოდან მოასხით დარჩენილი სოუსი, შემდეგ_ პამიდვრის სოუსი და მოაყარეთ გახეხილი ყველი.
- ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 10 წუთი.
მოამზადეთ ერთხელ და დამერწმუნეთ, გემრიელად შეზავებული ფარში თქვენი ოჯახის წევრების საყვარელი კერძი გახდება.
გემრიელად მიირთვით!