ღია ფეხსაცმლის სეზონი კარს მოგვადგა. თქვენი ქუსლები რამდენიმე პროცედურაში ისეთივე გლუვი და ნაზი გახდება, როგორც თინეიჯერობის ასაკში

890

თუ ქუსლებზე კანი გამომშრალი და გაუხეშებული გაქვთ, გირჩევთ, სცადოთ სოდიანი აბაზანები. სოდის სხვადასხვა ინგრედიენტებთან კომბინაციით შეძლებთ ქუსლებზე გაუხეშებული კანის დარბილებას, მკვდარი უჯრედების აქერცვლას. რამდენიმე პროცედურის შემდეგ ქუსლებზე კანი დაგირბილდებათ, გაგიხდებათ გლუვი და თამამად შეხვდებით ცხელ სეზონს.

შემოგთავაზებთ აბაზანების რამდენიმე ვარიანტს  

1. სოდისა და ზღვის მარილის აბაზანა

თბილ წყალში გახსენით 2 ს. კ. ზღვის მარილი და 2 ს. კ. სოდა. მომზადებულ აბაზანაში 10-15 წუთით ჩაყავით ფეხები.

2. აბაზანა სოდითა და ზეთით

3 ლ თბილ წყალში გახსენით 2 ს. კ. სოდა და ჩამოთვილთაგან თქვენთვის ხელმისაწვდომი ზეთის (პაჩულის, ლიმონის, ფორთოხლის, ლავანდის ან ნუშის) რამდენიმე წვეთი. მომზადებულ აბაზანაში 10 წუთით ჩაყავით ფეხები. აბაზანა კანს ატენიანებს და მატებს ტონუსს.

3. სოდისა და წყალბადის ზეჟანგის აბაზანა

დაბზარული ქუსლების საწინააღმდეგოდ გამოიყენეთ სოდისა და წყალბადის ზეჟანგის კომბინაცია. 2-2,5 ლ თბილ წყალში გახსენით 2 ს. კ. სოდა და 3 ს. კ. წყალბადის ზეჟანგი. მომზადებულ აბაზანაში ჩაყავით ფეხები და გააჩერეთ 10-15 წუთი.

4. ქუსლების მოვლა პროცედურების შემდეგ

აბაზანა მხოლოდ პირველი ეტაპია. აბაზანის შემდეგ ფეხები გულდასმით შეიმშრალეთ. შემდეგ ქუსლებზე შეიზილეთ ევკალიპტის ეთერზეთის რამდენიმე წვეთი ან ზეითუნის ზეთი. ზეთი წაისვით  ყოველ საღამოს და აუცილებლად სუფთა და მსუბუქად დაორთქლილ კანზე. აბაზანები კი გაიკეთეთ კვირაში 2-3-ჯერ.

შემოგთავაზებთ ნიღბის რეცეპტს, რომლის საშუალებითაც შეძლებთ ქუსლების გაუხეშებული კანის აქერცვლას. პროცედურის შემდეგ ქუსლებზე კანი დაგირბილდებათ, გაგიხდებათ გლუვი და ნაზი.

ნიღბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • რძე 5 ს. კ.
  • შვრიის ფანტელი 1 მუჭა
  • ალოე ვერას ფოთლის პატარა ნაჭერი

მომზადებისა და გამოყენების წესები:

ალოეს ფოთოლი დანაყეთ და შეურიეთ შვრიის ფანტელი და რძე. მიიღებთ სქელ ფაფისებურ მასას. სკრაბი წრიული მოძრაობებით შეიზილეთ ქუსლებზე, შემოიხვიეთ პარკი და გაიჩერეთ 2-3 საათი. შემდეგ მოიხსენით პარკი და დარბილებული მკვდარი კანი გაიხეხეთ პემზით. შემდეგ ფეხები დაიბანეთ და კარგად შეიმშრალეთ. პროცედურის ბოლოს ქუსლებზე წაისვით მკვებავი საცხი და ამოიცვით წინდა.

გჭირდებათ მცირე ძალისხმევა და უმარტივესი ბიუჯეტური ინგრედიენტებით შეძლებთ სასურველი შედეგის მიღებას.