გთავაზობთ ფაფუკი, ჰაეროვანი ცომითა და მოთუშული ხახვის შიგთავსით მომზადებული უგემრიელსი ღვეზელის რეცეპტს.
ცომის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- თბილი წყალი 200 მლ
- თბილი რძე 200 მლ
- საფუარი 10 გრ
- ზეთი 100 მლ
- შაქარი 1 ს. კ.
- მარილი 1 ჩ. კ.
- ხორბლის ფქვილი ხუთ-ნახევარი ჩ. ჭ.
მომზადების წესი:
1. თასში აურიეთ რძე, წყალი და ზეთი.
2. შემდეგ დაამატეთ შაქარი, მარილი, საფუარი და თანდათან შეაზილეთ გაცრილი ფქვილი. მიიღებთ რბილ, ოდნავ წებოვან ცომს. თასს წაუსვით ცოტა ზეთი, ჩადეთ მზა ცომი, გადააფარეთ პარკი და გააჩერეთ 1 საათი.
უგემრიელეს შიგთავსს ამზადებთ ძალიან სწრაფად და მარტივად.
საჭირო ინგრედიენტები:
- ხახვი 3 დიდი თავი
- კარაქი 1 ს. კ.
- მარილი, შავი პილპილი, წითელი წიწაკა, ორეგანო, პაპრიკა გემოვნებით
- ყველი 100 გრ
მომზადების წესი:
1. ხახვი დაჭერით ალყა-ალყა და 3-4 წუთი მოთუშეთ კარაქში. თქვენი გემოვნებით შეაზავეთ სანელებლებით, მარილით და გადმოდგით ცეცხლიდან.
2. ყველი გახეხეთ.
3. აფუებული ცომი გაყავით 2 ნაწილად. თითოეული ნაწილი გააბრტყელეთ მრგვალ ფენად. საცხობ ფორმაზე დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი და გადაიტანეთ ცომის პირველი ფენა. მოაყარეთ გახეხილი ყველის ნახევარი და შემდეგ გაანაწილეთ მზა შიგთავსი.
4. შიგთავსზე მოაყარეთ დარჩენილი ყველი და გადააფარეთ მეორე ფენა. შეგიძლიათ ყველი არ დაამატოთ. ყველის გარეშეც ძალიან გემრიელია.
5. ზედაპირი გააფორმეთ და ზემოდან გადაუსვით 1 ცალი კვერცხის გულისა და 2 ს. კ. რძის ნარევი.
6. ღუმელი გააცხელეთ 190 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 20-25 წუთი.
7. ოქროსფრად დაბრაწული მადისაღმძვრელი ღვეზელი ცივიც გემრიელია, განსაკუთრებით ცხელ არომატულ ჩაისთან ერთად.
გემრიელად მიირთვით!