ჟელატინი ნაოჭების საწინააღმდეგოდ საუკეთესო საშუალებაა. ბიუჯეტური პროდუქტი საშუალებას გაძლევთ მარტივად გაუმკლავდეთ კანის პრობლემებს. ის აქტიურად გამოიყენება ლოყებისა და ნიკაპის კანის გასამკვრივებლად.
ჟელატინი დიდი რაოდენობით შეიცავს კოლაგენს, სილამაზის პროტეინს. ეს ნივთიერება აუცილებელია როგორც სახსრებისა და ხრტილების ჯანმრთელობისთვის, ისე ფრჩხილების, თმისა და კანისთვის.
შემოგთავაზებთ ჟელატინის ბაზაზე მომზადებული საცხის რეცეპტს. რეგულარულად მოხმარების შემთხვევაში საცხი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ასწორებს წვრილ ნაოჭებს, ათეთრებს და არბილებს კანს, აუმჯობესებს კანის საერთო მდგომარეობას.
მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ჟელატინი 1 ჩ. კ.
- წყალი 0,5 ჩ. ჭ.
- თაფლი 3 ს. კ.
- გლიცერინი ნახევარი ჩ. ჭ.
- სალიცილის მჟავა 1 გრ
მომზადებისა და მოხმარების წესები:
მოცემული ინგრედიენტები აურიეთ და დადგით ორთქლის აბაზანაზე. ურევთ განუწყვეტლივ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. მოცემული ინგრედიენტებით მომზადებული მასა გეყოფათ ერთი თვე. გადაიტანეთ მინის პატარა ქილაში და აუცილებლად შეინახეთ მაცივარში.
ხელნაკეთი საცხი წაისვით ყოველ საღამოს, დაძინებამდე 2 საათით ადრე. სახე საგულდაგულოდ გაიწმინდეთ და წაისვით საცხი. გაიჩერეთ 20 წუთი. ნარჩენები შეიშრეთ ხელსახოცით.
გამაახალგაზრდავებელი ნიღბები
შემოგთავაზებთ ჟელატინის ბაზაზე მომზადებული გამაახალგაზრდავებელი ნიღბების რეცეპტებს, რომლებსაც აქვს აღმდგენი ეფექტი, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ათანაბრებს კანის ტონს, არბილებს კანს, ანიჭებს სიგლუვესა და ელასტიურობას.
გაითვალისწინეთ, რომ ჟელატინის ბაზაზე მომზადებული ნიღბები ითვლება მძიმედ, ამიტომ მოერიდეთ თვალების ირგვლივ კანს.
ბანანის ნიღაბი
მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ადუღებული წყალი 2 ს. კ.
- ჟელატინი 1 ჩ. კ.
- ბანანის პიურე 2 ჩ. კ.
მომზადებისა და მოხმარების წესები:
ადუღებული წყალი დაასხით ჟელატინს, მოურიეთ და ცოტა ხნით გააჩერეთ. შემდეგ დაამატეთ ბანანის პიურე და კარგად აურიეთ.
ნიღაბი წაისვით წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე და გაიჩერეთ 20 წუთი. ნარჩენები ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
თაფლის ნიღაბი
ნიღბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- გლიცერინი 4 ს. კ.
- თაფლი 2 ჩ. კ.
- ჟელატინი 2 ჩ. კ.
- ადუღებული წყალი 8 ს. კ.
მომზადებისა და მოხმარების წესები:
თაფლი, გლიცერინი და ჟელატინი აურიეთ, დაასხით 4 ს. კ. ადუღებული წყალი. შემდეგ დადგით დაბალ ცეცხლზე ან ორთქლის აბაზანაზე. ურევთ განუწყვეტლივ და ამატებთ დარჩენილ წყალს. უნდა მიიღოთ ერთგვაროვანი მასა.
ნაზავი გადაიტანეთ მინის გასტერილებულ ჭურჭელში, დაახურეთ ხუფი და შედეთ მაცივარში.
ნიღაბი წაისვით წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე და სამოქმედოდ დაიტოვეთ 20 წუთი. ნარჩენები ჩამოიბანეთ თბილი წყლით და წაისვით მკვებავი საცხი.
ჟელატინის ნიღბების რეგულარულად გამოყენებით შეძლებთ კანის პრობლემების გადაჭრას.