იცოდით, რომ გლიცერინი დიასახლისების საუკეთესო დამხმარეა? გაგიზიარებთ გლიცერინის გამოყენების რამდენიმე მარტივ ხერხს, რომელთა საშუალებით მიიღებთ მაქსიმალურ შედეგს.
გლიცერინი იატაკის გასაპრიალებლად
თუ გსურთ, თქვენი იატაკი პრიალებდეს, მოწმენდის დროს გამოიყენეთ გლიცერინი. უბრალოდ დაამატეთ ცოტა გლიცერინი წყალს და ჩვეულებრივი წესის მიხედვით მოწმინდეთ იატაკი.
გლიცერინი მტვრის საწინააღმდეგოდ
თუ წყლისა და გლიცერინის ნარევს გამოიყენებთ ავეჯის გასაწმენდად, მტვერი ნაკლებად დაედება. წყალს დაამატეთ გლიცერინი და აურიეთ. ტილო გააჯერეთ მომზადებული ნარევით და შეუდექით სველი წესით დასუფთავებას.
ლაქების საწინააღმდეგოდ
ამ შემთხვავაშიც დამხმარედ გლიცერინი მოგევლინებათ. თუ თქვენი საყვარელი სამოსი კენკრის წვენით დაგილაქავდათ, არ ინერვიულოთ. დაბინძურებული ადგილი გაწმინდეთ გლიცერინით და გააჩერეთ 30 წუთი. შემდეგ გარეცხეთ ჩვეულებრივი წესის მიხედვით.
ჩაის, ყავისა და შოკოლადის ლაქების ამოსაყვანად 1 ს. კ. მარილს შეურიეთ იმ რაოდენობის გლიცერინი, რომ მიიღოთ ფაფისებური მასა. წაუსვით ლაქაზე და გააჩერეთ რამდენიმე წუთი. შემდეგ სამოსი ჩვეულებრივი წესის მიხედვით გარეცხეთ.
ცხიმის ლაქების მოსაშორებლად დაბინძურებული ადგილზე წაუსვით გლიცერინი, გააჩერეთ 30-40 წუთი. შემდეგ დააყარეთ მარილი და გარეცხეთ ჩვეულებრივი წესის მიხედვით.
ყვავილების სიცოცხლის გასახანგრძლივებლად
თუ გსურთ, თაიგული დიდხანს არ დაჭკნეს, წყლიან ვაზაში ჩაასხით გლიცერინი (ნახევარ ლ წყალზე 1 ს. კ. გლიცერინი). ყვავილებს წყალი გამოუცვალეთ რამდენჯერმე.
ტყავის ავეჯის გასაწმენდად
დროთა განმავლობაში ტყავის ავეჯზე შეიძლება გაჩნდეს ნაკაწრები და ლაქები. ბამბის ქსოვილზე დაასხით გლიცერინი და დაზიანებული ზედაპირი გაწმინდეთ რამდენჯერმე.
სუფთა ფანჯრები
1 წილი გლიცერინისა და 10 წილი ეთილის სპირტის კომბინაციით მიიღებთ ფანჯრების საწმენდ საშუალებას.
როგორც ხედავთ, გლიცერინი მხოლოდ კოსმეტოლოგიური პროდუქტი არ არის. გამოიყენეთ ბიუჯეტური პროდუქტი და მარტივად მოაგვარეთ სხვადასხვა პრობლემები.