როგორ მოვიშოროთ შავი წერტილები და თავიდან ავირიდოთ სამომავლოდ მათი გაჩენა

5817

სახის კანზე გაჩენილი შემაწუხებელი შავი წერტილებისაგან სწრაფად გათავისუფლდებით, თუ გამოიყენებთ ნატურალურ გამწმენდ საშუალებებს, რომელთაც დღევანდელ სტატიაში გაგაცნობთ.

გახსოვდეთ, რომ ამ წერტილების მექანიკურად მოშორებამ შეიძლება საგრძნობლად გაამწვავოს მდგომარეობა და გამოიწვიოს ფორების გადიდება.

როგორ ვებრძოლოთ შავ წერტილებს ნატურალური საშუალებებით? 

საშუალება № 1: მაწონი, კიტრი და ოხრახუში 

ბლენდერის გამოყენებით შეურიეთ ერთმანეთში 2 სუფრის კოვზი ნატურალური მაწონი, ოხრახუშის ფოთლები (დაახ. მესამედი მუჭა) და ნახევარი გასუფთავებული კიტრი. მიღებული ფაფისებრი მასა წაისვით სახის პრობლემურ მონაკვეთებზე, დაიტოვეთ 15 წუთით და შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყალით.

საშუალება № 2: ორთქლი

როგორც უკვე ვახსენეთ, მექანიკურად შავი წერტილების მოშორება საფრთხილო საქმეა. თუ პროცედურას სწორი ინსტრუქციით ჩაიტარებთ, თავიდან აირიდებთ პრობლემის გამწვავებას.

აავსეთ ქვაბი წყალით და მიიყვანეთ დუღილამდე. შეუშვირეთ სახე ცხელ ორთქლს, რათა ფორები ბოლომდე გაიხსნას, შემდეგ კი თითის ბალიშების დახმარებით შეეცადეთ შავი წერტილების მოშორებას. პროცედურის ბოლოს აუცილებლად დაიმუშავეთ სახის კანი ყინულის კუბიკით, რათა გახსნილი ფორები დაიხუროს.

საშუალება № 3: ჟელატინისა და რძის ნიღაბი

დაგჭირდებათ პატარა ზომის ჭურჭელი. ჩაასხით მასში ერთი სუფრის კოვზი რძე და დაუმატეთ ერთი სუფრის კოვზი ჟელატინი. მიღებული ნარევი დადგით ცეცხლზე და შეათბეთ მუდმივი მორევის პირობებში. როდესაც ჟელატინი რძეში ბოლომდე გაიხსნება, დაიწყეთ მზა საშუალებით კანის დამუშავება. შეიზილეთ მასა ნელი წრიული მოძრაობებით, დაიტოვეთ 15-20 წუთით, შემდეგ კი მოიშორეთ თბილი წყალით.

საშუალება № 4: ლიმონის წვენი

შეურიეთ ერთმანეთში თანაბარი რაოდენობით ლიმონის წვენი, ნუშის ზეთი და გლიცერინი. მიღებული ნარევი კარგად წაისვით კანზე ყოველ საღამოს, მაკიაჟის მოშორების შემდეგ. დაიტოვეთ ეს საშუალება სამოქმედოდ 15-20 წუთით, შემდეგ კი ჩამოიბანეთ თბილი წყალით.

საშუალება № 5: თაფლი და დარიჩინი

2 ჩაის კოზ ნატურალურ თაფლს დაუმატეთ 2 ჩაის კოვზი დარიჩინი და კარგად მოურიეთ. მიღებული მასა ნელი წრიული მოძრაობებით შეიზილეთ სახის კანში, გაიჩერეთ 20-30 წუთით და შემდეგ ჩამოიბანეთ. ყოველდღიური პროცედურებიდან დაახლოებით 2 კვირაში მიღებული შედეგი აუცილებლად კმაყოფილს დაგტოვებთ.

საშუალება № 6: შვრია

დაფქვით შვრიის ფანტელები ბლენდერის ან ყავის საფქვავის გამოყენებით. 2 სუფრის კოვზ მიღებულ ფხვნილს დაუმატეთ იმ რაოდენობით წყალი, რომ მიიღოთ ბლანტი კონსისტენციის პასტისებრი მასა. შეიზილეთ ის სახის კანში და მოითმინეთ სანამ ბოლომდე შეგაშრებათ. მოიშორეთ ნარევი თბილი წყალით.

საშუალება № 7: ვაშლის ნიღაბი

გაჭერით წითელი ვაშლი შუაზე, მოაშორეთ გული და წიპწები. ნახევარი ვაშლი მოათავსეთ ბლენდერში (თავის კანიანად), დაუმატეთ ერთი სუფრის კოვზი ლიმონის წვენი და ურიეთ მაღალ სიჩქარეზე რამდენიმე წამის განმავლობაში. მიღებული ფაფისებრი მასა წაისვით სახის კანზე, გაიჩერეთ 10 წუთით და ბოლოს ჩამოიბანეთ თბილი წყალით.

თუ შავი წერტილები თქვენთვის კარგად ნაცნობი პრობლემაა, გამოიყენეთ ეს საშინაო საშუალებები რეგულარულად. პირობას გაძლევთ, მიღებული შედეგით აუცილებლად კმაყოფილი დარჩებით. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!