შემოგთავაზებთ შოკოლადის დესერტის რეცეპტს. მინიმალური ინგრედიენტებით გამოაცხობთ კაკაოს არომატით გაჯერებულ უგემრიელეს სამარხვო ნამცხვარს. რაც მთავარია, მოსამზადებლად უმარტივესია და რამდენიმე წუთში შეძლებთ საყვარელი ადამიანების გამასპინძლებას.
ბისკვიტის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ფქვილი 3 ჩ. ჭ.
- შაქარი 2 ჩ. ჭ.
- ცივი წყალი 1,5 ჩ. ჭ.
- სოდა 1,5 ჩ. კ.
- ძმარი 2 ს. კ.
- მარილი ნახევარი ჩ. კ.
- ზეთი 1 ჩ. ჭ.
- კაკაო ნახევარი ჩ. ჭ.
- ვანილინი 12 გრ
- კონიაკი 1-2 ს. კ.
მინანქრის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- შაქარი 4 ს. კ.
- კაკაო 3 ს. კ.
- წყალი ჭიქა-ნახევარი
- სახამებელი 2 ს. კ.
მომზადების წესი:
- გაცრილ ფქვილს დაამატეთ მარილი, სოდა, შაქარი, კაკაო, ვანილინი და აურიეთ.
- დაასხით ძმარი, კონიაკი, ზეთი, წყალი და მოამზადეთ ცომი.
- საცხობ ფორმას წაუსვით ზეთი და ცომი თანაბრად გაანაწილეთ.
- ღუმელი გააცხელეთ 170-180 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 25-30 წუთი.
- გაგრილების შემდეგ ბისკვიტი ამოიღეთ ფორმიდან და გადაიტანეთ ლანგარზე.
- ამზადებთ მინანქარს: დაგჭირდებათ სქელძირიანი ქვაბი. კაკაო და შაქარი აურიეთ. ნაწილ-ნაწილ დაასხით ჭიქა-ნახევარი წყალი და ურევთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
- 2 ს. კ. სახამებელი გახსენით მეოთხედ ჭიქა თბილ წყალში და ნელ-ნელა შეურიეთ კაკაოს მასას.
- ქვაბი დადგით დაბალ ცეცხლზე და ურევთ განუწყვეტლივ.
- როგორც კი მასა დაიწყებს გასქელებას, გადმოდგით ცეცხლიდან და თბილი მოასხით ბისკვიტს.
შეგიძლიათ თქვენი გემოვნების მიხედვით მოაყაროთ გახეხილი შოკოლადი, დაჭრილი ნიგოზი, ნუშის ან ქოქოსის ფანტელი.
გემრიელად მიირთვით და ისიამოვნეთ!