შემოგთავაზებთ დიეტური ღვეზელის რეცეპტს. მის მოსამზადებლად არ გჭირდებათ ფქვილი. მართალია, ღვეზელი დიეტურია, მაგრამ ძალიან გემრიელია.
ღვეზელის მოსამზადებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც ძველი, ისე ახალი კომბოსტო. თუ არჩევანს ძველ კომბოსტოზე შეაჩერებთ და გსურთ, ის ღვეზელში რბილი და თან ოდნავ ხრაშუნა დარჩეს, დაჭრის შემდეგ მოაყარეთ ცოტა მარილი, აურიეთ, გააჩერეთ რამდენიმე წუთი და შემდეგ გაწურეთ. კომბოსტო შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ ქამა სოკოთი.
მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- თეთრი კომბოსტო 400 გრ
- რძე 150 მლ
- გამაფხვიერებელი 1 ჩ. კ.
- ხმელი ყველი 40 გრ
- შვრიის ფანტელი 100 გრ (სასურველია, გამოიყენოთ მსხვილფანტელიანი შვრია)
- შავი პილპილი გემოვნებით
- კვერცხი 3 ცალი
- მარილი 1 ჩ. კ.
მომზადების წესი:
- 2 კვერცხს დაამატეთ რძე, მარილი, შავი პილპილი, ცოტა გამხმარი ორეგანო და ათქვიფეთ ხელის სათქვეფით.
- შემდეგ შეურიეთ შვრიის ფანტელი და გააჩერეთ 15 წუთი.
- წვრილად დაჭერით კომბოსტო და შეურიეთ მომზადებულ მასას.
- საცხობ ფორმაში ჩააფინეთ პერგამენტის ქაღალდი, გადაიტანეთ მომზადებული მასა და თანაბრად გაანაწილეთ.
- მსხვილ სახეხზე გახეხეთ ყველი, შეურიეთ 1 ცალი კვერცხი, მოასხით ღვეზელს და ზედაპირი ნიჩბით მოასწორეთ.
- ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 35 წუთი.
ღვეზელი შეგიძლიათ მიირთვათ იოგურტის ნაზ და მსუბუქ სოუსთან ერთად. სოუსის მოსამზადებლად დააბლენდერეთ 50 გრ ყველი ფეტა (ან თქვენთვის ხელმისაწვდომი ნებისმიერი), 1 ცალი დაჭრილი კიტრი, ცოტა კამა და 1 ჭიქა იოგურტი დანამატების გარეშე. სოუსი ცოტა ხნით შედეთ მაცივარში და გემრიელად მიირთვით ღვეზელთან ერთად.