ამ დესერტზე უარის თქმა ძალიან ძნელია! ხაჭოს შიგთავსით მომზადებული ნამცხვარი მოხარშული შესქელებული რძით

1391

შემოგთავაზებთ ხაჭოს შიგთავსით მომზადებული უგემრიელესი ღვეზელის რეცეპტს. ჯერ ამზადებთ მარტივ ფხვიერ ცომს,  შემდეგ ხაჭოს არომატულ შიგთავსს. მათ კომბინაციას საოცარ გემოს მატებს მოხარშული შესქელებული რძე და თაფლიანი მიწის თხილი.

მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • კარაქი 125 გრ
  • ფქვილი 300 გრ
  • გამაფხვიერებელი 1 ჩ. კ.
  • კვერცხი 1 ცალი
  • შაქარი 4 ს. კ.
  • კაკაო 2 ს. კ.
  • მოხარშული შესქელებული რძე 1 ქილა
  • მიწის თხილი ან ნიგოზი 50-100 გრ
  • თაფლი 2-3 ს. კ.

შიგთავსის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ხაჭო 500-600 გრ
  • კვერცხი 3 ცალი
  • შაქარი ¾ ჩ. ჭ.
  • ჟელატინი 1 შეფუთვა
  • არაჟანი ნახევარი ჩ. ჭ.

მომზადების წესი:

პირველ რიგში, ამზადებთ ცომს. ფქვილი, შაქარი, კაკაო და  გამაფხვიერებელი აურიეთ თასში, დაამატეთ ოთახის ტემპერატურის კარაქი, 1 ცალი კვერცხი და მოზილეთ ფხვიერი ცომი.

დაგჭირდებათ მრგვალი საცხობი ფორმა. მზა ცომი ხელით გააბრტყელეთ ფორმის ძირზე, ამოიტანეთ გვერდებზეც.

ამზადებთ ხაჭოს შიგთავსს:

  1. პირველ რიგში, ჟელატინს დაასხით 50 მლ-მდე თბილი წყალი, მოურიეთ და დადგით გასაფუებლად.
  2. ხაჭო დააბლენდერეთ.
  3. ჟელატინი დადგით დაბალ ცეცხლზე და ურევთ განუწყვეტლივ. არ აადუღოთ, ჟელატინის გადნობისთანავე გადმოდგით ცეცხლიდან.
  4. დაბლენდერებულ ხაჭოს ნაწილ-ნაწილ შეურიეთ მზა ჟელატინი.
  5. კვერცხი და შაქარი ათქვიფეთ გათეთრებამდე. შემდეგ დაამატეთ არაჟანი და ხაჭოსა და კვერცხის მასები გააერთიანეთ.
  6. მომზადებული შიგთავსი თანაბრად გაანაწილეთ ცომზე.
  7. ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 50-55 წუთი.
  8. გაგრილებულ ღვეზელს ზემოდან წაუსვით მოხარშული შესქელებული რძე.
  9. დაჭრილი ნიგოზი დაყარეთ საცხობ ფორმაზე, შედეთ გაცხელებულ ღუმელში და გააჩერეთ 5-7 წუთი.
  10. თაფლი გააცხელეთ ორთქლის აბაზანაზე. გათხელებულ თაფლს დაამატეთ მოხალული ნიგოზი ან მიწის თხილი და ურევთ სწრაფად. თაფლიანი ნიგვზით გააფორმეთ ღვეზელის ზედაპირი. ეს თქვენს ფანტაზიაზე არის დამოკიდებული.

მართალია, დაგჭირდებათ მცირე ძალისხმევა, მაგრამ შედეგად მიიღებთ საოცრებას. გემრიელად მიირთვით და ისიამოვნეთ!