შემოგთავაზებთ საზაფხულო დესერტის რეცეპტს, რომელიც სტრუქტურით ძალიან ჰგავს ზეფირს. ნაზი, ჰაეროვანი, არომატული და ალუბლის მოტკბო-მომჟავო დესერტი ზღაპრულად გემრიელია. ალუბალი შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ წითელი და შავი მოცხარით, ჟოლოთი, მარწყვით ან თქვენთვის ხელმისაწვდომი ნებისმიერი ხილით.
მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ჟელატინი 20 გრ
- გადადუღებული ცივი წყალი 8 ს. კ.
- ალუბალი (უკურკო) (შეგიძლიათ გამოიყენოთ გაყინულიც და ზამთარშიც გემრიელად მიირთვათ) 370 გრ
- შაქარი 130 გრ
მომზადების წესი:
- ჟელატინს დაასხით წყალი და გააჩერეთ რამდენიმე წუთი.
- ალუბალი დააბლენდერეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
- შემდეგ დაამატეთ შაქარი და დადგით დაბალ ცეცხლზე. ურევთ განუწყვეტლივ შაქრის გადნობამდე, აადუღეთ და გადმოდგით ცეცხლიდან. ჯერ კიდევ ცხელს დაამატეთ აფუებული ჟელატინი და კარგად მოურიეთ.
- შემდეგ მიღებული მასა გადაიტანეთ ღრმა თასში და 15 წუთი განმავლობაში ათქვიფეთ მიქსერის მაქსიმალურ სიჩქარეზე. მასა მოცულობაში საგრძნობლად იმატებს.
- ფორმაში ჩააფინეთ საკვების პარკი. ფუნჯით წაუსვით ზეთი და მომზადებული მასა თანაბრად გაანაწილეთ. საკვების პარკს წაუსვით ზეთი და ზემოდან გადააფარეთ. დესერტი 4 საათით შედეთ მაცივარში.
დესერტი მარტივად ამოდის ფორმიდან და მარტივად იჭრება.
მოამზადეთ და გემრიელად მიირთვით ჰაეროვანი, მსუბუქი, კენკროვანი და იდეალური დესერტი!