ბარაქის ხე კიდევ უფრო ლამაზი იქნება, თუ ამ მარტივ წესებს დაიცავთ

83158

კრასულა, იგივე ბარაქის ხე, სუკულენტი მცენარეა. ის საკმაოდ მარტივი მოსავლელია.

გაგიზიარებთ მარტივ რჩევებს, რომელთა გათვალისწინებით თქვენი კრასულა არ მოიწყენს და ბუთქუნა, ლამაზი ფოთლებით გაგიხარებთ თვალსა და გულს.

კრასულას არ უყვარს ხშირად მორწყვა. ზაფხულში მორწყეთ 10-14 დღეში ერთხელ, შემოდგომაზე_ 3-4 კვირაში ერთხელ, ხოლო ზამთარში_ 2 თვეში ერთხელ. ხშირი მორწყვა ვნებს მცენარეს. ფოთლები უყვითლდება, ცვივა, ღერო უფუჭდება.

ზამთარში აუცილებლად დადეთ ნათელ და გრილ ადგილას, გამათბობლისგან შორს. სასურველია, ტემპერატურა იყოს 15 გრადუსამდე. გაზაფხულზე კი ეტაპობრივად გამოიტანეთ გარეთ, ანუ არ არის სასურველი მცენარის პირდაპირ მზის გულზე დადება, თანდათან შეაგუეთ გარემოს.

ჩარგეთ პატარა ქოთანში. ნიადაგში აუცილებლად შეურიეთ  კენჭები და  პემზა.

უყვარს გასხვლა. მოაჭერით მძიმე და დაღმავალი ტოტები. ხის ფორმა რომ შეუნარჩუნოთ, მოაჭერით ღეროზე ამოსული ტოტებიც.

მცენარეს სასუქი მიაწოდეთ გაზაფხულსა და ზაფხულში. გამოიყენეთ უმარტივესი შინაური სასუქები: ხახვის ფოჩების ან  ბანანის ქერქის ნაყენი, კვერცხის ნაჭუჭის ფხვნილი და სხვა.