ალოე ვერას გამოყენების 9 მეთოდი, რომელიც ცხოვრებას საგრძნობლად მიმარტივებს

2841

ალოე ვერა, თავისი სამკურნალო თვისებების დამსახურებით, ათასწლეულების განმავლობაში არ კარგავს პოპულარობას. იგი 99%-ით წყლისგან შედგება, დანარჩენი კი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებია. ბევრ ჩვენგანს გაუგია მისი ეფექტურობის შესახებ დამწვრობის დროს, თუმცა, ალოეს იმდენი სხვა სასარგებლო გამოყენება აქვს, რომ შეგვიძლია, სუპერ-მცენარეც ვუწოდოთ. მეცნიერებს სჯერათ, რომ კლეოპატრას სილამაზის საიდუმლოთაგან ერთ-ერთი სწორედ ეს მცენარე იყო.

ჩვენი რედაქცია გთავაზობთ ალოეს გამოყენების რამდენიმე გზას, რომლებიც ცხოვრებას საგრძნობლად გაგიმარტივებთ:

1. ჭრილობებისა და შრამების მკურნალობა

ალოე ვერა, საუკუნეების განმავლობაში, ცნობილია, როგორც კანის სხვადასხვა დაზიანების დიდებული მკურნალი. ალოე ხელს უწყობს ახალი კანისა და ქსოვილის უჯრედების ზრდას, აჩქარებს ქსოვილის რეგენერაციას. მისი გამოყენება შემდეგნაირად შეგიძლიათ:

  • გაჭერით ალოეს ფოთოლი შუაზე, სიგრძეში
  • დაიდეთ ფოთლის შიდა მხარე ჭრილობაზე.

2. დამწვრობის მკურნალობა

ალოე ვერა მსუბუქი დამწვრობების სამკურნალოდ ძველი დროიდან გამოიყენება. მას პიტნისებრი გამაგრილებელი ეფექტი აქვს, ამცირებს ანთებას და ააქტიურებს ქსოვილისა და კანის რეგენერაციას. გამოიყენეთ შემდეგნაირად:

  • გააცალეთ ფოთოლს ეკლები
  • გაჭერით შუაზე, სიგრძეში
  • ამოიღეთ ფოთლიდან გელი დანის ან კოვზის გამოყენებით
  • დაიტანეთ უშუალოდ დამწვრობაზე.

3. მწერის ნაკბენის მკურნალობა

მწერის ნაკბენი იწვევს ქავილს მწერის ნერწყვის გამო, რომელიც სხვადასხვა ტოქსინსა და ალერგენს შეიცავს და სხვადასხვა ხარისხის შეშუპებისა და გაღიზიანების გამოწვევაც შეუძლია. ალოე ვერა მას აგრილებს, გაშორებთ ქავილისა და წვის შეგრძნებას, ამცირებს ანთებას.

  • გაჭერით ფოთოლი სიგრძეზე შუაში
  • წაისვით სუფთა გელი დაზიანებულ მონაკვეთებზე.

4. მოყინვის მკურნალობა

გასაოცარია, მაგრამ ალოეს მოყინვის მკურნალობა და მისი უარყოფითი ეფექტის შემცირება შეუძლია. მცენარე შეიცავს დიდი რაოდენობით E ვიტამინს, რომელიც უბადლოა კანის აღდგენასთან დაკავშირებულ პროცესებში. გაითვალისწინეთ, რომ მოყინვა სერიოზული მდგომარეობაა და თუ ფიქრობთ, რომ სხეულის რომელიმე ნაწილი მოყინული გაქვთ, აუცილებლად უნდა გაესინჯოთ ექიმს.

  • გაჭერით ფოთოლი სიგრძეზე
  • გააცალეთ თხელი ყვითელი ფენა კანქვეშ
  • წაისვით სუფთა გელი დაზიანებულ მონაკვეთზე.

5. აქერცლვა

ალოე დაგეხმარებათ კანის განახლებაში ამ ამქერცლავი სკრაბის საშუალებით. იგი მოგაშორებთ მკვდარ უჯრედებს და იმდენად ნაზად მოქმედებს, რომ მგრძნობიარე კანზეც გამოიყენება. არსებობს უამრავი სკრაბის რეცეპტი ალოე ვერას შემცველობით, ჩვენ ერთ-ერთ მათგანს გთავაზობთ:

  • შეურიეთ 2 ს.კ. ალოე ვერას გელი, 2 ს.კ. ორგანული ყავისფერი შაქარი და 1 ჩ.კ. ლიმონის წვენი
  • წაისვით კანზე და შეიზილეთ წრიული მოძრაობებით
  • ჩამოიბანეთ გრილი წყლით.

6. მუწუკების პრევენცია და აკნეს მკურნალობა

ალოე, ასევე, ცნობილია კანის უჯრედების აღდგენის, სოკოსსაწინააღმდეგო და ანტიბაქტერიული თვისებებით, რაც მას ეფექტურს ხდის აკნესა და როზაცეას მკურნალობისა და მუწუკების პრევენციისთვის.

  • გაჭერით ფოთოლი სიგრძეზე
  • წაისვით სუფთა გელი დაზიანებულ მონაკვეთებზე.

7. კანის დატენიანება

ალოე შესანიშნავი დამატენიანებელია – იგი განსაკუთრებით კარგია მშრალი ან მგრძნობიარე კანისთვის, რადგან ის ძალიან სწრაფად იწოვს და ატენიანებს ფორების ჩახერგვის გარეშე, სხვა ქარხნული წარმოების საშუალებებისგან განსხვავებით.

  • გაჭერით ფოთლები სიგრძეზე
  • ამოიღეთ 2 ჩ.კ. სუფთა გელი
  • შეურიეთ 2-3 ს.კ. ქოქოსის ზეთთან და გამოიყენეთ კრემის სახით.

8. სხეულის სკრაბი

ალოეს მძლავრი ანტიბაქტერიული და ანთებისსაწინააღმდეგო თვისებები აქვს. მისი გელი და E ვიტამინი შესანიშნავად აღადგენს კანის უჯრედებს, ხოლო ეთერზეთები კანს სირბილესა და სიგლუვეს ანიჭებს. სკრაბი შემდეგნაირად უნდა გააკეთოთ:

  • გაჭერით ფოთლები სიგრძეზე
  • ამოიღეთ გელი დანის გამოყენებით – დაახლოებით 1/4 ფინჯანი
  • შეურიეთ 3/4 თხევად საპონს
  • დაუმატეთ 1 ჩ.კ. E ვიტამინი
  • დაუმატეთ რამდენიმე წვეთი ეთერზეთიც – იქნება ეს ლავანდა, ლიმონი თუ გვირილა.

9. თმისცვენის მკურნალობა

ალოე ვერა ძალიან ეფექტურია თმისცვენის სამკურნალოდ. იგი შეიცავს ფერმენტებს, რომლებიც აღადგენს თავის კანის მკვდარ უჯრედებს და ასტიმულირებს ახალი ღეროების გაზრდას.

  • გაჭერით ფოთლები სიგრძეზე
  • ამოიღეთ 2 ჩ.კ. სუფთა გელი
  • შეურიეთ 2-3 ს.კ. ქოქოსის ზეთს
  • დაუმატეთ 1-2 ს.კ. თაფლი
  • წაისვით მასა თავის კანსა და თმებზე და გაიჩერეთ 40 წუთით
  • ჩამოიბანეთ და დაიბანეთ თმა ჩვეულებრივ.