შემოგთავაზებთ თხელი ლავაშისა და გემრიელად შეზავებული ცხარე ფარშის კომბინაციით მომზადებული არომატული ღვეზელის რეცეპტს. ამზადებთ ძალიან სწრაფად და მარტივად.
ღვეზელის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- თხელი ლავაში 2 ცალი
- ღორის ფარში 400-500 გრ
- კვერცხი 3 ცალი
- არაჟანი 100 გრ
- კეტჩუპი 100 გრ
- მარილი გემოვნებით
- შავი პილპილი, ძირა გემოვნებით
- ხმელი ყველი 150 გრ
მომზადების წესი:
- თქვენი გემოვნების მიხედვით შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც საქონლის, ისე ქათმის ხორცი. თუ საქონლის ხორცით გადაწყვეტთ მომზადებას, სასურველია, ფარში წინაწარ მოხარშოთ.
- ფარში შეაზავეთ მარილით, შავი პილპილით, ძალიან უხდება ძირაც და გაყავით ორ ნაწილად. ლავაშები გაშალეთ ცალ-ცალკე. თითოეულზე დაიტანეთ ფარში და თანაბრად გაანაწილეთ. გააჩერეთ 10-15 წუთი. ამ გზით ლავაში რბილდება, ხდება უფრო ელასტიური და მარტივად დაახვევთ.
- 18-20 სმ დიამეტრის მრგვალ საცხობ ფორმას წაუსვით კარაქი.
- ჯერ ერთი ლავაში (სიგანეზე) გადაახვიეთ 4-5 სმ სისქის რულეტივით. რულეტი მოამრგვალეთ და ჩადეთ საცხობ ფორმაში. შემდეგ მეორე ლავაშით მოამზადეთ რულეტი, დაახვიეთ მრგვალად და ჩადეთ შუაში ისე, რომ ფორმა შეავსოთ.
- კვერცხს დაამატეთ არაჟანი (შეგიძლიათ გამოიყენოთ მაიონეზი), კეტჩუპი, შავი პილპილი, მარილი, შეგიძლიათ დაამატოთ თქვენთვის სასურველი სანელებლები და ზემოდან მოასხით ღვეზელს.
- ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. 30 წუთის შემდეგ გამოიღეთ, მოაყარეთ გახეხილი ყველი, შეაბრუნეთ ღუმელში და გააჩერეთ კიდევ 5-10 წუთი.
ღვეზელი გამოდის საოცრად გემრიელი, არომატული, ვიზუალურად ლამაზი და დაამშვენებს სადღესასწაულო სუფრას.
გემრიელად მიირთვით!