ასაკთან ერთად კოლაგენისა და ელასტიურობის დაკარგვა, მზის სხივების მავნე ზემოქმედება და სხვა გარემო ფაქტორები უარყოფითად მოქმედებს კანის მდგომარეობაზე და იწვევს ნაადრევ დაბერებას. თუ გსურთ, შეინარჩუნოთ ახალგაზრდობა, რეგულარულად უნდა იზრუნოთ კანზე.
შემოგთავაზებთ იოგურტისა და ნუშის ბაზაზე მომზადებული ხელნაკეთი საცხის რეცეპტს. საცხის შემადგენლობაში შემავალი ინგრედიენტების კომბინაცია გვაძლევს შესანიშნავ საშუალებას მკვდარი უჯრედების მოსაშორებლად, პიგმენტური ლაქების გასაღიავებლად, კანის ტონის გასათანაბრებლად და სახის კანის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.
ნატურალური იოგურტი ჯანსაღი პროდუქტია. იგი შეიცავს რძემჟავას, რომელიც არეგულირებს კანის ბუნებრივ pH-ს და ხელს უშლის ასაკობრივი ლაქების გაჩენას. იოგურტი ატენიანებს კანს და უნარჩუნებს ტენიანობას. აფერხებს აკნეს წარმოქმნას, წვრილი ხაზებისა და ნაოჭების ადრეულ გაჩენას. იოგურტის საშუალებით შეძლებთ კანის მდგომარეობის გაუმჯობესებას.
ნუშის ფქვილი მდიდარია შეუცვლელი ცხიმოვანი მჟავებითა და კანისთვის სასარგებლო ანტიოქსიდანტებით. E ვიტამინის მაღალი შემცველობა იცავს კანს თავისუფალი რადიკალების მიერ გამოწვეული ოქსიდაციური სტრესისგან და ხელს უშლის უჯრედებისა და ქსოვილების განადგურებას. ნუშის შემადგენლობაში შემავალი ბუნებრივი ზეთები აღადგენს მშრალ კანს და აგარიდებთ ისეთ პრობლემებს, როგორიცაა ეგზემა და ფსორიაზი.
ლიმონის წვენისა და თაფლის დამატებით ძლიერდება საცხის გამაღიავებელი და დამატენიანებელი თვისებები.
სახცის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ნატურალური იოგურტი 150 გრ-მდე
- ნუში 4 ცალი
- ლიმონის წვენი 2 ს. კ.
- თაფლი 1 ს. კ.
მომზადებისა და გამოყენების წესები:
- პირველ რიგში, ნუში დაფქვით ყავის საფქვავში.
- მიღებული ფხვნილი გადმოიტანეთ პატარა თასში და შეურიეთ იოგურტი, თაფლი და ლიმონის წვენი. ურევთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. გადაიტანეთ მინის ჭურჭელში და შეინახეთ მაცივარში. ერთ ჯერზე მომზადებული შეგიძლიათ გამოიყენოთ 3-4 დღე.
- ყოველ საღამოს, ძილის წინ, გაწმენდილ სახის კანზე, კისერზე, მკერდის ზონაზე, ხელებზე წაისვით საცხი და გაიჩერეთ 20 წუთი. ნარჩენი ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
მაქსიმალური ეფექტის მისაღებად საცხი უნდა გამოიყენოთ, როგორც თქვენი ყოველდღიური კანის მოვლის ნაწილი. პერიოდულად გამოყენების შემთხვევაში შეიძლება არ ჰქონდეს სასურველი ეფექტი.
მოერიდეთ საცხის დღის განმავლობაში გამოყენებას, რადგან მზის სხივების ზემოქმედების დროს ლიმონის წვენმა შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს. ეს პროდუქტი განკუთვნილია საღამოს გამოსაყენებლად, რადგან ის მხარს უჭერს სხეულის ბუნებრივ რეგენერაციის პროცესს, რომელიც ხდება ღამით.
კანის მდგომარეობის გაუმჯობესებას ძალიან მალე შეამჩნევთ. გამაღიავებელ ეფექტის შემჩნევას კი შეიძლება რამდენიმე კვირა დასჭირდეს.
მაქსიმალური შედეგის მისაღებად გირჩევთ, ყოველდღიურად გამოიყენოთ მზის დამცავი საცხი.