ცომის, დარიჩინისა და ნიგვზის კომბინაცია ნამდვილი საოცრებაა. როგორ მოვამზადოთ უგემრიელესი ორცხობილები სახელწოდებით ,,ყურები”

6973

გთავაზობთ რეცეპტს, რომლის მიხედვით მოამზადებთ უგემრიელეს ორცხობილებს, სახელად ,,ყურებს“. ფენოვანი ცომის, დარიჩინისა და ნიგვზის კომბინაცია საოცრებაა.

ფენოვანი ცომის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • კარაქი (ოთახის ტემპერატურის) 200 გრ
  • 1 ცალი კვერცხი
  • არაყი 1 ს. კ.
  • მარილი მეოთხედი ჩ. კ.
  • კეფირი 100 მლ
  • ფქვილი 500 გრ
  • თუ სამარხვო ფენოვანი ცომის მომზადება გსურთ, კეფირი ჩაანაცვლეთ წყლით, ხოლო კარაქი_მარგანინით.

მომზადების წესი:

კვერცხს დაამატეთ მარილი, კეფირი, არაყი, გაცრილი ფქვილი და მოზილეთ მაგარი ცომი. ცომი დაასვენეთ რამდენიმე წუთი. შემდეგ გადმოიტანეთ ფქვილმოყრილ ზედაპირზე და გააბრტყელეთ თხელ ოთხკუთხედ ფენად. ფენაზე დაიტანეთ ოთახის ტემპერატურის კარაქი და მთელ ზედაპირზე გაანაწილეთ, ანუ კარაქს უსვამთ ერთ ჯერზე. შემდეგ გადაკეცეთ კონვერტისებურად, შემოახვიეთ საკვების ცელოფანი და ნახევარი საათით შედეთ მაცივარში. ეს პროცესი გაიმეორეთ 2-3-ჯერ.

გულსართის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • დაქუცმაცებული ნიგოზი 1 ჩ. ჭ.
  • ყავისფერი შაქარი 200 გრ
  • დარიჩინი ნახევარი ჩ. კ.

მომზადების წესი:

  1. ნიგოზზე გადაატარეთ ცომის გასაბრტყელებელი და დააქუცმაცეთ. ნიგოზს შეურიეთ შაქარი და დარიჩინი. მზა შიგთავსი გაყავით 2 ნაწილად. თუ ნიგოზი არ გაქვთ, შეგიძლიათ მოამზადოთ მხოლოდ შაქრისა და 1 ჩ. კ. დარიჩინის შიგთავსით.
  2. ცომი გაყავით ორ თანაბარ ნაწილად. ჯერ ერთი ნაწილი გააბრტყელეთ, დაახლოებით 5 მმ-მდე სისქის ფენად. ფენაზე გაანაწილეთ მომზადებული შიგთავსის ერთი ნაწილი და ჯერ ერთი მხრიდან გადაახვიეთ რულეტივით ფენის შუამდე, შემდეგ_მეორედან (დააკვირდით სურათს). იმავე წესის მიხედვით მოამზადეთ ცომის მეორე ნაწილიც.
  3. შემდეგ დაჭერით 1-1,5 სმ სისქის ორცხობილებად. ორცხობილები დააწყვეთ საცხობ ფორმაზე. ფორმაზე აუცილებლად დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი.
  4. ღუმელი გააცხელეთ 200 გრადუს ტემპერატურაზე. ორცხობილები შედეთ ცხელ ღუმელში. გამოსაცხობად დასჭირდება 20-25 წუთი.

ოქროსფრად დაბრაწული, არომატული, ხრაშუნა და ფენოვანი ,,ყურები“ უგემრიელესია. მიირთვით და ისიამოვნეთ!