ზოგჯერ ყველაზე ძვირადღირებული ფხვნილითაც ვერ ვიღებთ სასურველ შედეგს და ვრჩებით იმედგაცრუებული. ამიტომ აქტიურად ვიყენებთ ლაქების ამომყვან საშუალებებს ან მათეთრებლებს, ან ვრეცხავთ მაღალ ტემპერატურაზე, რაც შეიძლება სარისკო იყოს სამოსისთვის.
გთავაზობთ უმარტივეს ბუნებრივ საშუალებებს, რომლებიც აშორებს ლაქებს, ფერად ნივთებს მატებს სიკაშკაშეს, ხოლო მუქ ნივთებს იცავს გახუნებისგან და აუმჯობესებს ფერს.
ნებისმიერ სამზარეულოში შეგიძლიათ იპოვოთ ბუნებრივი და იაფი საშუალებები, რომლებიც აშორებს ლაქებს, იცავს სამოს გახუნებისგან, არ ტოვებს ფხვნილის ლაქებს და ნივთებს უნარჩუნებს პეწს.
1. შავი პილპილი
ქსოვილების გაუფერულების ძირეული მიზეზი ფხვნილის ნარჩენია. ამ პრობლემას მარტივად გადაჭრით წმინდად დაფქული შავი პილპილით. სარეცხი მანქანის უჯრაში, გავლების დროს, ჩაყარეთ ჩაის კოვზი დაფქული შავი პილპილი. რეცხვის დამთავრების შემდეგ მანქანა კვლავ ჩართეთ ცივი წყლით გავლების რეჟიმზე.
2. საკვები მარილი
მარილი შავი პილპილის მსგავსად უნდა ჩაყაროთ გავლების დროს. მარილს ამოჰყავს ფხვნილის ნარჩენები და ქსოვილს მატებს სიკაშკაშეს.
3. ძმარი
ძმარი არბილებს სამოსს, განსაკუთრებით პირსახოცებს და ანიჭებს მბზინვარებას. გავლების დროს, როდესაც წყალი დაიწყებს მანქანაში შესვლას, ჩაასხით 1 ჭიქა 9%-იანი ძმარი. ნივთებს გაშრობის შემდეგ ძმრის სუნი აღარ ექნება.
4. ლიმონის წვენი
ძმრის საუკეთესო ალტერნატივაა ლიმონის წვენი. ლიმონის გამოყენების შემდეგ სამოსი ინარჩუნებს მკვეთრ ფერებს და აქვს ძალიან სასიამოვნო სუნი.
5. ყავა და ჩაი
მოცემული პროდუქტები შავ სამოსს იცავს გახუნებისგან. დააყენეთ 2 ჭიქა მუქი ჩაი ან მაგარი ყავა. ნაყენი გადაწურეთ და ჩაასხით რეცხვის დაწყებისთანავე. მეთოდი განკუთვნილია მხოლოდ შავი ნივთებისთვის.
ეს ბიუჯეტური პროდუქტები, რომლებიც ყველა ოჯახშია, შეგიძლიათ გამოიყენოთ თამამად, როცა ხელთ არ გაქვთ სათანადო სარეცხი საშუალებები!