შემოგთავაზებთ კაკაოს არომატული ბისკვიტით მომზადებული კვერცხების რეცეპტს. ძალიან გემრიელი კვერცხები შეგიძლიათ გამოიყენოთ პასკების მოსართავად და ყველა გააოცოთ ლამაზი და გემრიელი დეკორაციით.
ბისკვიტის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ფქვილი 70 გრ
- შაქარი 90 გრ
- კაკაო 20 გრ
- გამაფხვიერებელი 1 ჩ. კ.
- მარილი მეოთხედი ჩ. კ.
- კეფირი 70 მლ
- რძე 50 მლ
- ზეთი 25 მლ
- კვერცხი 1 ცალი
მომზადების წესი:
1. ცალ-ცალკე ჭურჭელში აურიეთ მშრალი და თხევადი ინგრედიენტები. შემდეგ გააერთიანეთ და მიქსერით ათქვიფეთ.
2. მზა ცომი გაანაწილეთ საცხობ ფორმაში. ფორმას წაუსვით ცხიმი და ძირზე დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი.
3. ღუმელი გააცხელეთ 170 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 15-20 წუთი.
4. გამომცხვარი ბისკვიტი დააქუცმაცეთ პატარა-პატარა ნაწილებად და ხელით შეურიეთ 100 გრ ხაჭო. მიღებული ერთგვაროვანი მასისგან გამოხელეთ კვერცხის ფორმის ბურთები. შოკოლადის კვერცხებს გვერდით ჩაარჭვეთ თითო-თითო კბილის ჩხირი. კვერცხები დააწყვეთ ლანგარზე და 2-3 საათით შედეთ საყინულეში.
შოკოლადის მინანქრის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- თეთრი შოკოლადი 150 გრ
- ზეთი 15 გრ
- კარაქი 15 გრ
მომზადების წესი:
1. გაადნეთ შოკოლადი, დაამატეთ ზეთი, კარაქი და კარგად აურიეთ.
2. მინანქარში ამოავლეთ კვერცხები. შეგიძლიათ მინანქარს დაამატოთ სასურველი ფერის საღებავიც. საღებავი დაამატეთ ცხელ მინანქარს და კარგად შეურიეთ.
3. თუ გსურთ, რომ თქვენი კვერცხები კიდევ უფრო ელეგანტური იყოს, მოაყარეთ სპეციალური ოქროსფერი საღებავი.
4. მინანქრის გასამკვრივებლად მზა კვერცხები რამდენიმე საათით შედეთ მაცივარში და შემდეგ გამოიყენეთ პასკებისა და სააღდგომო დესერტების მოსართავად.