თეთრი ნივთები მარტივად ბინძურდება, ლაქავდება და ხშირი რეცხვის გამო სწრაფად კარგავს სითეთრეს. ლაქების ამოყვანას კი განსაკუთრებული ძალისხმევა სჭირდება.
ელეგანტური და ძალიან ლამაზი თეთრი სამოსისა თუ სხვა ნივთების გასაქათქათებლად არაერთი მეთოდის მოძიება შეგიძლიათ ჩვენს გერდზე.
ამჯერად, შემოგთავაზებთ რეცხვის ,,ფრანგულ“ მეთოდს, რომლის საშუალებით თეთრ ნივთებს დაუბრუნებთ პირვანდელ სითეთრეს.
დაგჭირდებათ:
- 2 ქვაბი ან ვედრო (1 დიდი, დაახლოებით 10 ლ-იანი, და 1 საშუალო ზომის)
- სარეცხი საპონი (72%-იანი) მეოთხედი კალაპოტი
- კალიუმის პერმანგანატი, იგივე ,,მარგანცოვკა“ მწიკვი
ინსტრუქცია:
- დიდ ქვაბში ჩაასხით 5-6 ლ წყალი და აადუღეთ.
- სარეცხი საპონი გახეხეთ და შეურიეთ ადუღებულ წყალს.
- ქვაბი გადმოდგით ცეცხლიდან და ურევთ საპნის გადნობამდე.
- საშუალო ზომის ქვაბში ჩაასხით 2 ლ-მდე ადუღებული წყალი და გახსენით კალიუმის პერმანგანატი. წყალი უნდა იყოს ვარდისფერი და არა იასამნისფერი.
- კალიუმის პერმანგანატიანი წყალი გადაასხით დიდ ქვაბში და კარგად აურიეთ.
- მომზადებულ ხსნარში ჩაალბეთ თეთრი ნივთები და გააჩერეთ 6-8 საათი.
- მითითებული დროის გასვლის შემდეგ ნივთები ამოწურეთ და გარეცხეთ ჩვეულებრივი წესის მიხედვით.
მიიღებთ მაქსიმალურ შედეგს. თქვენი თეთრეული თვალისმომჭრელად იბრწყინებს.
გაითვალისწინეთ, რომ მოცემული მეთოდი არ გამოიყენოთ იმ ნივთებისთვის, რომელთა გარეცხვა არ შეიძლება მაღალ ტემპერატურაზე.