10 შეცდომა, რომელსაც შვილების აღზრდის დროს უშვებთ და ეს ძვირად დაგიჯდებათ

55230

ყველა მშობლის სურვილია, მათ შვილებს საუკეთესო ცხოვრება ჰქონდეთ. მშობლების უმრავლესობა ძალიან ბევრს მუშაობს, რათა არ მოაკლონ რაიმე საკუთარ შვილებს, ზოგი მათგანი საკმაოდ მკაცრადაც იქცევა, რადგან სურთ, დისციპლინარული და მიზანდასახული შვილი აღზარდონ, ზოგიც კი შვილებს თავად აძლევს არჩევანის გაკეთების უფლებასა და საშუალებას, რაც პატარებს დამოუკიდებლობას აჩვევს. აბსოლიტურად ყველა ადამიანს ბავშვის აღზრდის საკუთარი მეთოდი და გზა აქვს, მაგრამ არსებობს ისეთი რაღაცეებიც, რაც ყველა ჩვენგანს საერთო უნდა გვქონდეს.

შვილების აღზრდის დროს ძალიან მნიშვნელოვანია, არ დავუშვათ ისეთი შეცდომები, რომელთაც მომავალში აუცილებლად ვინანებთ. მაქსიმალურად შეეცადეთ, დატკბეთ იმ მცირე დროითაც მაინც, რომლის გატარებასაც თქვენს შვილთან ან შვილებთან ერთად ახერხებთ!

10 შეცდომა ბავშვთან ურთიერთობისას

1. ვერ ერთობით ბავშვთან ურთიერთობით

პატარა ბავშვს, რომელიც ძალიან სწრაფად იზრდება და მალე საზოგადოების დამოუკიდებელ წევრად უნდა იქცეს, განვითარებისთვის სჭირდება ხშირი კონტაქტი ზრდასრულებთან. არაფერია საგანგაშო იმაში, თუ ხანდახან საკმარისი დრო არ გაქვთ და სანამ თქვენ საქმეს აკეთებთ, თქვენი შვილი თავისთვის თამაშობს, მთავარია, რომ ეს ყველაფერი ჩვევად არ გადაგექცეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენ ძალიან მალე შეამჩნევთ, თუ რამდენად გაიზარდა თქვენი შვილი, რომელიც პირად ცხოვრებაში ჩარევის უფლებასაც კი აღარ გაძლევთ…

გაითვალისწინეთ, თქვენს შვილებთან ახლოს არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ მენტალურად უნდა იყოთ! გაერთეთ და ისიამოვნეთ მათთან ერთად, ისინი საუკეთესო კომპანიონები არიან.

2. არ ეხუტებით შვილებს საკმარისად ხშირად

მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ ხშირ ჩახუტებას ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება ადამიანის როგორც ფიზიკური, ასევე მენტალური ჯანმრთელობისთვის. თუ გსურთ, თქვენი შვილი ბედნიერი და ჯანმრთელი იყოს, რაც შეიძლება ხშირად ჩაეხუტეთ მათ. ასე უდიდეს ბედნიერებას არა მხოლოდ პატარებს, არამედ საკუთარ თავსაც მიანიჭებთ.

3. არ იღებთ საკმარის ფოტოებსა და ვიდეოებს შვილებთან ერთად

რა თქმა უნდა, საგანგაშო არ არის, თუ ფოტოების ხშირად გადაღება არ გიყვართ. ამ ფაქტს ნამდვილად არ აქვს გავლენა თქვენი შვილის მენტალურ ან ფიზიკურ ჯანმრთელობაზე, თუმცა არსებობს ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი… დრო საკმაოდ სწრაფად გადის და აუცილებლად დადგება ის მომენტი, როდესაც საოჯახო ალბომის დათვალიერებით დიდ სიამოვნებას მიიღებთ. სულაც არ არის აუცილებელი საჯაროდ გამოფინოთ სოციალურ ქსელებში თქვენი და თქვენი შვილების ცხოვრება, თუმცა არაფერია იმაზე სასიამოვნო, როდესაც გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, შვილებთან ერთად, ფოტოებზე აღბეჭდილ ცხოვრების სასიამოვნო მომენტებს ათვალიერებთ და იხსენებთ.

4. არ იწერთ შვილის პირველ სიტყვებს

ყველა მშობლისთვის შვილის პირველი სიტყვები და მისი პირველი ნაბიჯები ძალიან მნიშვნელოვანი და ღირებული მომენტია. რა თქმა უნდა, მარტივად იცხოვრებთ თქვენი პატარების პირველი სიტყვების ჩაწერისა და ჩანიშვნის გარეშე, თუმცა აუცილებლად მოვა ის დრო, როდესაც ასეთი ჩანაწერების დათვალიერებით წარმოუდგენლად დიდ სიამოვნებას მიიღებთ.

5. არ თამაშობთ ბავშვებთან ერთად საინტერესო, კრეატიულ თამაშებს

ჩვენ არ ვამბობთ, რომ ბავშვებთან ერთად კრეატიული, შემოქმედებითი საქმიანობებით დაკავებითა და საინეტერესო თამაშების თამაშით ისინი დიდებული ხელოვანები ან მუსიკოსები გამოვლენ, მაგრამ ამის შანსი, რა თქმა უნდა, არსებობს. თუ მათთან ერთად სასიამოვნო თამაშებით გაერთობით, მარტივად მიხვდებით, თუ რა წარმოადგენს თქვენი შვილების ინტერესის სფეროსა და საგანს, რა ეხერხებათ მათ კარგად და რისი გაკეთება სურთ ცხოვრებაში. გარდა ამისა, ასეთი მიდგომით თქვენ მიაჩვევთ შვილებს შრომასა და მუშაობას, დაეხმარებით ინტელექტისა და წარმოსახვის უნარის განვითარებაში, რაც თითოეული ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, თავისუფალ დროს მაქსიმალურად გაერთეთ თქვენს შვილებთან ერთად სასიამოვნო თამაშების თამაშით.

6. ნუ იქნებით ზედმეტად მკაცრი

მშობლების საკმაოდ დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ სიმკაცრე აუცილებელია შვილების სწორად აღსაზრდელად, რათა ისინი დისციპლინასა და წესრიგს მიეჩვიონ. რა თქმა უნდა, თქვენ აუცილებლად უნდა მიუთითოთ საკუთარ შვილს, როდესაც ის რაღაცას არასწორად აკეთებს, თუმცა ჩხუბი, კამათი, ხმამაღლა საუბარი და შვილის დასასჯელად მკაცრი ზომების მიღება ძალიან დიდი შეცდომაა, რომელმაც შეიძლება უარყოფითი გავლენა იქონიოს თქვენი შვილის მენტალურ ჯანმრთელობაზე. მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ მშობლების მხრიდან ზედმეტი სიმკაცრის შედეგად, ბავშვებში ვითარდება ქცევისა და მის მორალურ განვითარებასთან დაკავშირებული პრობლემები. მოექეცით შვილს ისე, როგორც თქვენს თანატოლს, მშვიდად მიუთითეთ იმ შეცდომებზე, რომელთაც ისინი უშვებენ, მიეცით რჩევა, დარიგება და ჩაეხუტეთ!

7. არასდროს ითვალისწინებთ შვილის აზრს

“შენ ზედმეტად ახალგაზრდა ხარ”, “ჩვენ უკეთესად ვიცით” – თუ ბავშვობაში თავად მოგისმენიათ ეს ფრაზები მშობლებისგან, იცით, თუ რამდენად მტკივნელია პატარებისთვის ასეთი მიდგომა უფროსების მხრიდან. მოუსმინეთ თქვენს პატარას, შედით მასთან დიალოგში, ჰკითხეთ აზრი… ხშირად პატარები ჩვენზე გაცილებით ჭკვიანები არიან და მათი აზრის გათვალისწინებაც ცუდს არაფერს მოგიტანთ. თუ მის აზრს ხშირად დააიგნორებთ, თქვენი შვილი აუცილებლად თავდაუჯერებელი და დაუცველი იქნება. როგორ უნდა მიხვდე, რა გსურს ცხოვრებისგან, თუ ვიღაც ყოველთვის შენ ნაცვლად იღებდა გადაწყვეტილებას?

8. შვილს საკმარის ბედნიერებას და სიხარულს არ ანიჭებთ

კარგი მოგონებები ბავშვობიდან ყველაზე ღირებული რამ არის, რასაც ვერავინ ვერასდროს წაგვართმევს. თუ ბავშვი ჯანსაღ ატმოსფეროში იზრდება და ის ყოველდღიურად ახალ გამოცდილებასა და სასიამოვნო შეგრძნებებს იღებს, მისი მენტალური ჯანმრთელობა დღითიდღე უმჯობესდება. ბედნიერები ბავშვები გაცილებით მარტივად ეგუებიან ზრდასრულების ცხოვრებას და მარტივად შეუძლიათ ახალი ურთიერთობების დაწყება, რაც ცხოვრებაში ძალზედ მნიშვნელოვანია.

9. ხშირად ითვალისწინებთ სხვის აზრს

არსებობენ ისეთი ადამიანებიც, რომელთაც ძალიან უყვართ რჩევების მიცემა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათ არაფერი იციან და არაფერი ესმით, ახალგაზრდა მშობლები კი ხშირად ითვალისწინებენ ასეთი ადამიანების აზრს. როდესაც ცხოვრებაში ასეთ “ექსპერტებს” ხვდებით, თქვენ იღებთ უამრავ ახალ ინფორმაციას, თუ როგორ უნდა გამოკვებოთ, როგორ ჩააცვათ და როგორ მისცეთ თქვენს შვილს სწორი განათლება, თუმცა რამდენად შეესაბამება სიმართლეს მათი ნაამბობი, ეს სულ სხვა საკითხია. თქვენ თავად ხართ თქვენი შვილის მშობელი და არავინ იცის თქვენზე უკეთ, თუ რა სჭირდება თქვენს პატარას. არასდროს მოექცეთ ასეთი ადამინების გავლენის ქვეშ!

10. ბავშვებისთვის ყველაზე მნიშვნელოვან მომენტებში მათ გვერდში არ ხართ

არსებობს ისეთი მოვლენები ცხოვრებაში, რომლებიც ჩვენთვის შეიძლება სრულიად უმნიშვნელო იყოს, თუმცა ჩვენი შვილებისთვის მათ კოლოსალური მნიშვნელობა ენიჭებოდეს… სწორედ ასეთ მომენტებში თქვენ ვალდებული ხართ, იდგეთ თქვენი შვილის გვერდში, არ აქვს მნიშვნელობა, იქნება ეს მეგობრის დაბადების დღისადმი მიძღვნილი წვეულება, თუ საახალწლო ნაძვის ხის მორთვა, უბრალოდ ისიამოვნეთ თქვენი შვილის გვერდში ყოფნით!

თუ გსურთ, თქვენი შვილი ჯანმრთელი გაიზარდოს და მას სამომავლოდ, როდესაც ზრდასრული ადამიანის ცხოვრებით მოუწევს ცხოვრება, პრობლემები არ შეექმნას, აუცილებლად გაითვალისწინეთ ეს რჩევი და გამონახეთ საერთო ენა თქვენს პატარებთან. განა გყავთ ვინმე მათზე ძვირფასი?