გაიგეთ, როგორ არშიყობენ სხვადასხვა ზოდიაქოს ნიშნები

1308

ვერძი

ვერძისთვის ფლირტი მხიარული თამაშია, თუმცა ძირითად შემთხვევაში ვერძი მხოლოდ იმ შემთხვევაში ფლირტაობს, თუ მისი გული აბსოლუტურად თავისუფალია. ასეთ დროს შეიძლება მან ახალგაცნობილ ადამიანს პირდაპირ მიახალოს, რომ ეს უკანასკნელი საშინლად ლამაზია და მას ძალიან იზიდავს. თუმცა, ფლირტის მოთხოვნილება ვერძში, უფრო საკუთარი თავის რწმენის გამყარებას ემსახურება ვიდრე იდეალური პარტნიორის პოვნას.

კურო

კურო ფლირტს მხოლოდ იმ შემთხვევაში იწყებს, თუკი ინტერესის ობიექტის მხრიდან თუნდაც მცირე, მაგრამ შესამჩნევი ნაბიჯი უკვე გადმოდგმულია. საიმისოდ, რომ ემოციურად გაიხსნას, კუროს მყარი საფუძველი ესაჭიროება, რისი აუცილებელი პირობაც პარტნიორის მხრიდან გამოხატული სიმპათიაა. ასეთ შემთხვევაში კურო სიამოვნებით ერთვება ფლირტში და საკმაოდ ოსტატურად ახერხებს მისთვის სასურველი ადამიანის გაოცებას.

ტყუპები

მსგავსად მშვილდოსნისა, ტყუპიც ფლირტის დიდოსტატია. ამასთან ერთად, ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს ხომ ენა ძალიან კარგად უჭრით საიმისოდ რომ ინტერესის ობიექტი ვერბალურ მახეში წამის მეასედში გააბან. თუმცა ტყუპი ფლირტისას, ძირითადად ინტელექტუალური საუბრით იხიბლება და რაც უფრო საინტერესოდ მოაზროვნეა პარტნიორი, მით უფრო დიდია შანსები საიმისოდ, რომ უწყინარი ფლირტი სერიოზულ ურთიერთობაში გადაიზარდოს.

კირჩხიბი

კირჩხიბების დიდი ნაწილი, არაფრისმომცემ და მოკლევადიან ფლირტში დროს ნაკლებად ხარჯავს. თუკი ადამიანი სერიოზულად აინტერესებს, კირჩხიბის ფლირტი მასზე მზრუნველობის გამოხატვით იწყება. თუმცა ამგვარმა პერიოდმა შესაძლოა დიდი ხანიც გასტანოს. ეს იმიტომ, რომ კირჩხიბი ხანგრძლივი დაკვირვების მერე ირჩევს მისთვის შესაფერის კანდიდატურას. სამაგიეროდ, მოკლევადიანი ფლირტი მისი მხრიდან ერთ ან მაქსიმუმ ორ დღეში ამოწურული იქნება.

ლომი

ლომისთვის არშიყი ისეთივე ბუნებრივი და ორგანული რამაა, როგორც სუნთქვა ან ჭამის პროცესი. ნუ დაგავიწყდებათ ის ფაქტი, რომ ლომები კატისებრთა ოჯახის წარმომადგენლები არიან, კატას კი მოგეხსენებათ შესანიშნავად გამოსდის სხვებისთვის თავის მოწონება. ამიტომ ნებისმიერი სქესის ლომი არაჩვეულებრივად ლამაზად ფლირტაობს, ამაში მათ ბადალი არ მოეძებნებათ.

ქალწული

ქალწულისთვის ფლირტის სტადია, პარტნიორის მიმართ ინტელექტუალური ინტერესისა და ზრუნვის მოთხოვნილების გაჩენისას იწყება. მანამ სანამ საქმე სერიოზულ ნაბიჯებამდე მივა, ბუნებით წინდახედულ ქალწულს დიდ სიამოვნებას მიანიჭებს, პარტნიორთან სხვადასხვა სახის პოლემიკა და წვრილმანი ყურადღების გამოჩენა ყოველდღიურ ცხოვრებაში.

სასწორი

სასწორები არათუ ფლირტის ხელოვნებას ფლობენ კარგად, ფლირტი სულაც მათ გამოიგონეს. სასწორი ლამაზად და გრაციოზულად ფლირტაობს. ის ყოველთვის დგას მოწოდების სიმაღლეზე და იშვიათად განიცდის ფიასკოს პარტნიორზე შთაბეჭდილების მოხდენის მომენტში. ამასთან ერთად, სასწორი ქმნის გასაოცარ,
მშვიდ და კომფორტულ ატმოსფეროს საიმისოდ, რომ ინტერესის ობიექტმა თავი მის გვერდით მეფედ (დედოფლად) იგრძნოს.

მორიელი

მორიელების უმრავლესობა ბუნებით ფრთხილი და ეჭვიანი ნატურაა. ამიტომ საზოგადოების დასანახად ტიპური მორიელი იშვიათად ფლირტაობს. მას უფრო დამკვირვებლის როლი ურჩევნია. რათა სასურველი “მსხვერპლი” კარგად შეათვალიეროს, სანამ მისი ჰიპნოზირების ეტაპზე გადავიდოდეს. საწყის ეტაპზე, იგი ოდნავ ცივი და დისტანციურია ესეც იმიტომ, რომ მარტივად აკონტროლოს საკუთარი ემოციები. სამაგიეროდ, ინტერესის ობიექტთან მარტო დარჩენილი სპონტანურად და მოულოდნელად იწყებს “თავდასხმას”.

მშვილდოსანი

მშვილდოსნები ცეცხლის სტიქიის წარმომადგენლებს შორის, ყველაზე მეტად გამოირჩევიან სასიყვარულო თავგადასავლების სიმრავლით, ამიტომ ფლირტი და მშვილდოსანი განუყოფელი ფრაზაა. მშვილდოსანს უყვარს და ეხერხება ფლირტი, ამასთანავე მისი საქციელი ბუნებრიობის ჩარჩოებს არასოდეს სცდება. იგი მთელი გულით არის ხოლმე ჩაბმული სასურველი ობიექტის მონადირების საქმეში.

თხის რქა

თხის რქები, ყველაზე წინდახედულები და ფრთხილები არიან ემოციური კუთხით მიწის სტიქიის წარმომადგენლებს შორის. ამიტომ თუ თხის რქამ ფლირტის უფლება მისცა თავს, ეს იმას ნიშნავს, რომ ინტერესის ობიექტს სერიოზულად დაადგა თვალი და მასთან ნაცნობობის მხოლოდ ერთი საღამოთი არ შემოიფარგლება. თხის რქის ფლირტი, ხშირად არის შეზავებული შავ იუმორთან. ამიტომ თუკი თქვენი თაყვანისმცემელი თხის რქა საკუთარ თავზე მხიარულად ხუმრობს, ეს იმას ნიშნავს რომ თქვენ მისთვის სულერთი ნამდვილად არ ხართ.

მერწყული

მერწყული ფლირტზე მეტად მეგობრულად განწყობილ პიროვნებას ეძებს პარტნიორში. ამიტომ ფლირტაობა ამ სიტყვის ტრადიციული გაგებით მას დიდად არც ეხერხება და არც ეპიტნავება. თუმცა, საკუთარი კომუნიკაბელური, ორიგინალური ხასიათიდან გამომდინარე, მერწყულს ძალა შესწევს მარტივად დაახვიოს თავბრუ ინტერესის ობიექტს ისე, რომ საამისოდ რაიმე წინასწარგანზრახული სქემა არც გააჩნდეს.

თევზები

თევზები ბუნებით ემოციური და მორცხვი ნიშანია. თუმცა ეს მხოლოდ ერთი შეხედვით, სანამ ინტერესის ობიექტი თავად გააქტიურდება და იქით გამოიჩენს ინიციატივას. თუმცა ფლირტიც არის და ფლირტიც, თევზებთან ეს ყველაფერი გაცილებით უფრო რთულია, იმიტომ რომ ნებისმიერი მოკლევადიანი რომანის დროსაც კი მათ სურვილი აქვთ პარტნიორთან ერთ მთლიანობად იქცნენ. რასაც განსაკუთრებით რთულ შემთხვევებში, ალკოჰოლთან დამეგობრება და დეპრესია მოსდევს თევზებისთვის.