
თვალების შესიება და შავი ტომრების გაჩენა – ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული კოსმეტიკური პრობლემა, რომელსაც საფუძვლად არაერთი ფაქტორი შეიძლება ჩაეყაროს. ზედმეტი ფიზიკური დატვირთვა, სტრესი, დერმატიტი, ჰორმონალური ცვლილებები, ამინდის ცვლილებები, ნაბახუსევი, არასწორი კვება, არასაკმარისი ძილი და ალერგიული რეაქციები – ქუთუთოების კანის შესიებისა და შეშუპების გამომწვევი ძირითადი მიზეზები.
მოცემული კოსმეტიკური პრობლემისგან გათავისუფლება სწრაფად და მარტივად არის შესაძლებელი რამდენიმე საშინაო მეთოდით, რომელთა შესახებ დღევანდელ სტატიაში ვისაუბრებთ. ძალიან დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი აღმოჩნდება.
5 საუკეთესო გზა თვალების შეშუპების მოსახსნელად
1. წყალი
თუ ქუთუთოების კანის შეშუპების დამარცხება ან თავიდან არიდება გსურთ, აუცილებლად უნდა მიირთვათ საკმარისი რაოდენობით წყალი! როდესაც სხეული სათანადოდ არის დატენიანებული, წყლის შეკავების ალბათობა საგრძნობლად მცირდება. გარდა ამისა, წყალი წმენდს ჩვენს ორგანიზმს დაგროვებული ტოქსინებისგან.
8-10 ჩაის ჭიქა წყალი დღეში – ნორმა, რომელიც აუცილებლად უნდა დაიცვათ. გარდა ამისა, თუ თვალების შეშუპების თავიდან არიდება გსურთ, მინიმუმამდე უნდა შეამციროთ მარილის მიღება.
2. ცივი კოვზი
ეს ერთ-ერთი ყველაზე იოლი ტექნიკაა თვალების შეშუპების მოსახსნელად. მოათავსეთ საყინულეში მეტალის 6 კოვზი დაახლოებით 10-15 წუთით, რათა კარგად გაცივდეს. ჯერ გამოიღეთ ორი კოვზი და მიიდეთ ორივე თვალზე რამდენიმე წუთით. როდესაც ისინი შეთბება, შეცვალეთ ახალი, ცივი კოვზებით.
3. ჩაის ბალიშები
არ აქვს მნიშვნელობა, თუ ჩაის რომელ სახეობაზე შეაჩერებთ არჩევანს. მწვანე და შავი ჩაის ბალიშები მართლაც რომ საუკეთესო საშუალებაა შეშუპების შესამცირებლად, თვალების გაღიზიანების დასამარცხებლად, ანთების ჩასახშობად და შეწითლების მოსახსნელად. ჩაის 2 უკვე გამოყენებული ბალიში მოათავსეთ მაცივარში 30 წუთით და შემდეგ დაიფინეთ ქუთუთოების კანზე 10-15 წუთით. ჩაიტარეთ ეს პროცედურა დღის განმავლობაში რამდენჯერმე, რათა სწრაფად გათავისუფლდეთ მოცემული კოსმეტიკური პრობლემისგან.
4. კიტრი
კიტრი – ბოსტნეული, რომელსაც დადებითი გავლენა აქვს ჩვენს კანზე. თუ მას გაციებულ მდგომარეობაში თვალებზე დაიფენთ, შეძლებთ ანთების ჩახშობას, შეშუპების შემცირებასა და კანის გადაჭიმვას. დაჭერით კიტრი წვრილ რგოლებად, მოათავსეთ საყინულეში რამდენიმე წუთით და გაიკეთეთ თვალების ცივი კომპრესი 10 წუთით. გაიმეორეთ პროცედურა დღის განმავლობაში რამდენჯერმე.
5. კვერცხის ცილა
კვერცხის ცილა არაჩვეულებრივი საშუალებაა კანის გადასაჭიმად და თვალებიდან შავი ტომრების მოსაშორებლად. 2 კვერცხის ცილა თქვიფეთ თეთრი ქაფისებრი მასის მიღებამდე, შემდეგ კარგად წაისვით ის თვალების გარშემო კანზე კოსმეტიკური ფუნჯის ან რბილი ქსოვილის დახმარებით. დაიტოვეთ 15 წუთით და შემდეგ ჩამოიბანეთ სახე გრილი წყლით. თუ ამ პროცედურას ყოველდღიურად გაიმეორებთ, შეშუპება და შავი ტომრები თქვენთვის სრულიად უცხო გახდება.
გამოიყენეთ ამ 5 მეთოდიდან ერთ-ერთი, რათა სწრაფად და მარტივად გაუმკლავდეთ შეშუპებას სახლის პირობებში. თუ მოგეწონათ ჩვენი სტატია და ეს ინფორმაცია სასარგებლოდ მიგაჩნიათ, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებსაც. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!