ყველა დიასახლისმა კარგად ვიცით, თუ რამდენად რთულია თეთრი ნივთებისათვის პირვანდელი სისუფთავისა და სიქათქათის შენარჩუნება. საკმაოდ ხშირად ხდება ისე, რომ ჩამჯდარ ლაქებს, რომელთა გაჩენისაგან არასდროს ვართ დაზღვეულნი, ძვირადღირებული სარეცხი ფხვნილებიც კი ვერ უმკლავდება.
საყვარელი თეთრი სამოსის გადაგდების ნაცვლად, რომელიც დაგილაქავდათ, გირჩევთ, გამოიყენოთ საშუალებები, რომელთაც დღევანდელ სტატიაში გაგაცნობთ. თითოეული მათგანის ეფექტურობა პირადად მაქვს გამოცდილი.
როგორ მოვაშოროთ ლაქები თეთრი სამოსიდან?
საშუალება №1 – ლიმონის წვენი
1/2 ჩაის ჭიქა (დაახ. 125 მლ) ლიმონის წვენი დამატეთ ცხელი წყლით სავსე ტაშტში. ჩაალბეთ მასში თეთრი სამოსი რამდენიმე საათით (უმჯობესია მთელი ღამით), შემდეგ კი გარეცხეთ ჩვეულებისამებრ.
საშუალება №2 – თეთრი ძმარი
1/2 ჩაის ჭიქა დისტილირებული ძმარი დაამატეთ სარეცხი მანქანის ბარაბანში ნივთების გარეცხვამდე. ამ მარტივი ინსტრუქციის დახმარებით, ყველაზე რთული ლაქებიც კი უკვალოდ გაქრება.
საშუალება №3 – გამათეთრებელი ხსნარი საკუთარი ხელით
დაგჭირდებათ მდუღარე წყალი, 1 ჩაის ჭიქა თხევადი სარეცხი საპონი, 1 ჩაის ჭიქა ჭურჭლის სარეცხი ფხვნილი, 1 ჩაის ჭიქა გამათეთრებელი და 1/2 ჩაის ჭიქა ბორის მჟავა. ჩაალბეთ დალაქავებული თეთრი სამოსი ამ ნარევში, დატოვეთ მთელი ღამით და მეორე დღეს გარეცხეთ ნივთები სარეცხ მანქანაში. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად რთული და ჩამჯდარი იქნება ლაქა, ეს საშუალება სამოსს იდეალურ სისუფთავეს დაუბრუნებს.
საშუალება №4 – საჭმელი სოდა
4 ჩაის ჭიქა წყლას დაუმატეთ 1 ჩაის ჭიქა საჭმელი სოდა, ჩაალბეთ მასში ნივთები რამდენიმე საათით და შემდეგ გარეცხეთ სარეცხ მანქანაში.
საშუალება №5 – წყალბადის ზეჟანგი
ლაქების მოშორებაში წყალბადის ზეჟანგი ძალიან დაგეხმარებათ. ნივთების გარეცხვამდე დაამატეთ ის სარეცხი მანქანის ბარაბანში 1/2 ჩაის ჭიქის ოდენობით.
როგორც უკვე გითხარით, ყველა ამ საშუალების ეფექტურობა პირადად მაქვს გამოცდილი. დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია თქვენც გამოგადგებათ.