ფუმფულა, რძიანი ფუნთუშები უგემრიელესი შიგთავსით საოცრებაა. შიგთავსად შეგიძლიათ გამოიყენოთ ხილფაფები, მოხარშული შესქელებული რძე, ხაჭოს ტკბილი გულსართი ქიშმიშით, ნუტელა ან თქვენთვის სასურველი სხვა გემრიელობა.
მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ზეთი 3 ს. კ.
- ფქვილი 400-500 გრ
- კარაქი 50 გრ
- ოთახის ტემპერატურის რძე 200 მლ
- საფუარი 11 გრ
- შაქარი 3 ს. კ.
- 1 ცალი კვერცხი და 1 ცალი კვერცხის გული
- მარილი 1 ჩ. კ.
ზემოდან მოსაყრელად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- შაქარი 35 გრ
- ფქვილი 35 გრ
- კარაქი 20 გრ
მომზადების წესი:
- ამზადებთ საფუარს: თასში ჩაასხით ოთახის ტემპერატურის რძე, დაამატეთ საფუარი, 1 ს. კ. შაქარი და ურევთ შაქრის გადნობამდე. თანდათან შეურიეთ 4 ს. კ. ფქვილი, გადააფარეთ ტილო და დადგით ასაფუებლად.
- ცალკე თასში ათქვიფეთ კვერცხი, მარილი, შაქარი. კარაქი გაადნეთ და დაამატეთ კვერცხიან მასას.
- შემდეგ დაამატეთ აფუებული საფუარი, აურიეთ და ნაწილ-ნაწილ შეაზილეთ გაცრილი ფქვილი. მზა ცომი გადმოიტანეთ ფქვილმოყრილ ზედაპირზე. შუა გული ჩააღრმავეთ, ჩაასხით 3 ს. კ. ზეთი და შეაზილეთ ცომს. რბილი და ფაფუკი ცომი ხელებს არ უნდა ეკრობოდეს.
- მზა ცომი გადაიტანეთ თასში, გადააფარეთ საკვების ცელოფანი და სითბოში გააჩერეთ 30-40 წუთი. შემდეგ ჩაზილეთ, კვლავ გადააფარეთ ცელოფანი და გააჩერეთ 30 წუთი.
- ამზადებთ ზემოდან მოსაყრელ მასას: ფქვილი და შაქარი აურიეთ, დაამატეთ დარბილებული კარაქი და ურევთ ფხვიერი მასის მიღებამდე.
- ცომი გაყავით 12 თანაბარ ნაწილად. თითოეული ნაწილიდან გამოხელეთ გუნდები, გადააფარეთ ცელოფანი და გააჩერეთ 10 წუთი.
- თითოეული გუნდა გააბრტყელეთ, შუაში ჩადეთ 2-3 ჩ. კ. თქვენთვის სასურველი შიგთავსი, კიდეები შეკარით და მოამრგვალეთ.
- საცხობ ფორმაზე დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი და მზა ფუნთუშები თანაბრად გაანაწილეთ (დაიცავით მანძილი), გადააფარეთ ცელოფანი და გააჩერეთ 15-20 წუთი.
- ფუნთუშებს გადაუსვით ათქვეფილი კვერცხის გული და მოაყარეთ ნაფშხვენები.
- ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 20-25 წუთი.
მოამზადეთ ოქროსფრად დაბრაწული, მადისაღმძვრელი ფუნთუშები და გემრიელად მიირთვით!