როგორ გავაღვიძოთ თმის მიძინებული ფოლიკულები, რათა თმა უფრო ლამაზი, ჯანსაღი და ძლიერი იყოს

1862

თუ თმა გამოგიშრათ, შეგითხელდათ და დაკარგა ბუნებრივი მბზინვარება აუცილებლად დაგაინტერესებთ ბუნებრივი ინგრედიენტების ბაზაზე მომზადებული ნიღბების რეცეპტები.

ნიღბების  საშუალებით შეძლებთ თმის მიძინებული ფოლიკულების გაღვიძებას.

თმის გამაჯანსაღებელი ნიღაბი

მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • აბუსალათინის ზეთი 1 ს. კ.
  • ნუშის ზეთი 1 ს. კ.
  • თალგამის ზეთი 1 ს. კ.
  • კედრის ზეთი 1 ს. კ.
  • ლიმონის წვენი 1 ს. კ.

მომზადებისა და გამოყენების წესი:

მოცემული ინგრედიენტები აურიეთ და ფუნჯით წაისვით თმის ძირებზე. 10-15 წუთის განმავლობაში თითების ბალიშებით შეიზილეთ თმის ძირებზე. შემდეგ დაიხურეთ შხაპის ქუდი და შემოიხვიეთ პირსახოცი. სამოქმედოდ დაიტოვეთ ნახევარი საათი. თმა დაიბანეთ ჩვეულებრივი წესის მიხედვით.

ნიღაბი თმის ზრდისა და გაძლიერებისთვის

მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • კეფირი 200 მლ
  • 2 ცალი კვერცხის გული
  • მდოგვის ფხვნილი 1 ს. კ.

მომზადებისა და გამოყენების წესები:

მოცემული ინგრედიენტები აურიეთ. ნიღაბი შეიზილეთ ჯერ თმის ძირებზე და შემდეგ გაინაწილეთ მთელ სიგრძეზე. დაიხურეთ  შხაპის ქუდი და შემოიხვიეთ პირსახოცი. გაიჩერეთ 40-60 წუთი. თმა დაიბანეთ ჩვეულებრივი წესის მიხედვით და ბოლოს გადაივლეთ მუხის ქერქის ან ჭინჭრის, ან სალბის ნახარში.

თმის გამაძლიერებელი ნიღაბი

მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • თალგამის ზეთი 50 მლ
  • წითელი მწარე პილპილი (დაფქული) ნახევარი ჩ. კ.

მომზადებისა და გამოყენების წესები:

მოცემული ინგრედიენტები აურიეთ. გამოყენებამდე ნიღბის მცირე ნაწილი წაისვით მაჯაზე და დააკვირდით კანს. თუ არ მოჰყვა ალერგიული რეაქცია და გრძნობთ მხოლოდ მსუბუქ წვას, ნიღაბი შეიზილეთ თმის ძირებზე. გაიჩერეთ 20-25 წუთი. აუცილებლად დაიხურეთ შხაპის ქუდი და შემოიხვიეთ პირსახოცი. შემდეგ თმა ჩვეულებრივი წესის მიხედვით დაიბანეთ და გადაივლეთ თქვენთვის ხელმისაწვდომი სამკურნალო ბალახების: გვირილის, სალბის, ჭინჭრის ან მელისას (ბარამბოს) ნახარში.

თმის ცვენის საწინააღმდეგო ნიღაბი

მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • თბილი რძე 200 მლ
  • საფუარი (ფხვნილი) 1 ჩ. კ.
  • თაფლი 1 ს. კ.

მომზადებისა და გამოყენების წესები:

თბილ რძეს დაამატეთ საფუარი, თაფლი და ფუნჯით კარგად აურიეთ. ნარევი 1 საათი გააჩერეთ სითბოში. შემდეგ ფუნჯით წაისვით თმის ძირებზე და გაინაწილეთ მთელ სიგრძეზე. ნიღაბი გაიჩერეთ 1 საათი. შემდეგ თმა ჩვეულებრივი წესის მიხედვით დაიბანეთ და გადაივლეთ ჭინჭრის ან როზმარინის ნახარშისა და 1 ს. კ. ვაშლის ძმრის ნარევი. სავლები თმას ანიჭებს ბუნებრივ  მბზინვარებას.

თმის ცვენის საწინააღმდეგო ნიღაბი

დაგჭირდებათ:

  • კეფირი 200 მლ
  • კაკაო 1 ჩ. კ.
  • კვერცხი 1 ცალი

მომზადებისა და გამოყენების წესები:

მოცემული ინგრედიენტები აურიეთ და შეიზილეთ თმის ძირებზე. დაიხურეთ შხაპის ქუდი და შემოიხვიეთ პირსახოცი. სამოქმედოდ დაიტოვეთ 1 საათი. შემდეგ თმა დაიბანეთ ჩვეულებრივი წესის მიხედვით.