შემოგთავაზებთ ფრანგული ყველიანი ფუნთუშების რეცეპტს. ,,გუჟერი“_მოხარშული ფუნთუშები_გამოიგონეს ბურგუნდიაში და მიირთმევენ ღვინის დეგუსტაციის დროს. გემრიელი ფუნთუშები შეგიძლიათ მოამზადოთ თქვენთვის სასურველი შიგთავსით.
მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- წყალი ნახევარი ჩ. ჭ.
- კარაქი 50 გრ
- ხორბლის ფქვილი 100 გრ
- კარტოფილის სახამებელი 20 გრ
- კვერცხი 3 ცალი
- ყველი 100 გრ
- მწიკვი მარილი
- შიგთავსს ამზადებთ თქვენი გემოვნების მიხედვით
მომზადების წესი:
- ხმელი ყველი გახეხეთ.
- ცალკე თასში აურიეთ სახამებელი და უმაღლესი ხარისხის ფქვილი.
- ქვაბში ჩაასხით ნახევარი ჭიქა წყალი, დაამატეთ დაჭრილი კარაქი, მარილი და დადგით საშუალო ცეცხლზე.
- ადუღებისთანავე ნაწილ-ნაწილ შეურიეთ ფქვილისა და სახამებლის ნარევი. ურევთ ძალიან სწრაფად. მოსარევად იყენებთ ნიჩაბს. როგორც კი ცომი მოშორდება ქვაბის გვერდებს, გადმოდგით ცეცხლიდან.
- თბილ ცომს სათითაოდ ამატებთ კვერცხებს და ყოველ ჯერზე კარგად ურევთ. უნდა მიიღოთ ერთგვაროვანი მასა.
- ბოლოს ურევთ გახეხილ ყველს.
- ღუმელი გააცხელეთ 200 გრადუს ტემპერატურაზე. საცხობ ფორმაზე მოაყარეთ ფქვილი და დააწყვეთ თითო-თითო ჩაის კოვზი ცომი ან გამოიყენეთ საკონდიტრო ტომარა და დასვით პატარა ბურთულები. აუცილებლად დაიცავით მანძილი, რადგან ფუნთუშები გამოცხობისას იმატებს მოცულობაში.
- გამოსაცხობად დასჭირდება 20 წუთი. ღუმელი გამორთეთ, კარი ოდნავ გამოაღეთ და ფუნთუშები არ გამოიღოთ კიდევ 10 წუთი.
- მზა ფუნთუშები ჩაჭერით და ამოავსეთ თქვენთვის სასურველი შიგთავსით. შიგთავსად შეგიძლიათ გამოიყენოთ ყველის, დაჭყლეტილი ნივრისა და მაიონეზის კომბინაცია ან ნებისმიერი თქვენთვის სასურველი სხვა ვარიანტი.
გემრიელად მიირთვით და ისიამოვნეთ!