როგორ მოვამზადოთ ფხვიერი ორცხობილები ,,შამპინიონები” მარტივი რეცეპტით. გემრიელი და ორიგინალური ნუგბარი!

2158

შემოგთავაზებთ სოკოს ფორმის უგემრიელესი ორცხობილების რეცეპტს და გაგიზიარებთ მარტივ ხრიკს, რომლის საშუალებით, სპეციალური საცხობი ფორმის გარეშე,  გამოაცხობთ ფხვიერ და ხრაშუნა ,,სოკოებს“.

დესერტი მოეწონებათ როგორც პატარებს, ისე დიდებს. შეგიძლიათ სოკოების ქუდები ამოავლოთ გამდნარ შოკოლადში, გააფორმოთ თქვენი გემოვნებით და დაამშვენოთ სადღესასწაულო სუფრა.

ცომის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • კარაქი 200 გრ
  • შაქრის ფხვნილი 200 გრ
  • ვანილის შაქარი 1 ჩ. კ.
  • მარილი მეოთხედი ჩ. კ.
  • სოდა 1 ჩ. კ.
  • კვერცხი 2 ცალი
  • ფქვილი 400 გრ
  • სახამებელი 2 ს. კ.

მომზადების წესი:

  1. პირველ რიგში, აურიეთ მშრალი ინგრედიენტები: შაქრის ფხვნილი, ვანილის შაქარი, მარილი, სოდა, 250 გრ ფქვილი და სახამებელი.
  2. კარაქი გაადნეთ და შეურიეთ მშრალი ინგრედიენტების ნარევს. შემდეგ დაამატეთ 1 კვერცხი მთლიანად და 1 კვერცხის გული. ურევთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
  3. ბოლოს ნაწილ-ნაწილ შეაზილეთ დარჩენილი ფქვილი. მზა ცომს შემოახვიეთ საკვები ცელოფანი და ნახევარი საათით შედეთ მაცივარში.
  4. ცომისგან გამოხელეთ პატარა ბურთები.
  5. დაგჭირდებათ პლასტმასის ან მინის ბოთლი. ბოთლის თავი ჯერ ჩაყავით წყალში, შემდეგ_კაკაოში და ჩაარჭვეთ ცომის ბურთულებში (ბოლომდე არ ჩაარჭოთ). ბოთლი ამოიღეთ და სოკოს ფორმის ცომიც მზად არის.
  6. საცხობ ფორმაზე დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი და დააწყვეთ ,,სოკოები“.
  7. ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 15 წუთი.

გემრიელად მიირთვით!