შემოგთავაზებთ რეცეპტს, რომლის მიხედვით ძალიან მარტივად მოამზადებთ საოცრად გემრიელ, ნაზ და ხრაშუნა ხვეულებს. ხვეულების შიგთავსად შეგიძლიათ გამოიყენოთ არომატული ხილფაფა ან ცოცხალი კენკრა, ან მოხარშული შესქელებული რძე, ნუტელა. უგემრიელესია ნიგვზის, დარიჩინისა და შაქრის კომბინაციის შიგთავსით მომზადებული.
ცომის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- კვერცხი 1 ცალი,
- კარაქი 150 გრ
- შაქარი 80 გრ
- ვანილის შაქარი 1 ჩ. კ.
- მარილი ნახევარი ჩ. კ.
- არაჟანი ან კეფირი 250 მლ
- ფქვილი 450 გრ
- გამაფხვიერებელი 1 ჩ. კ.
შიგთავსად გამოიყენეთ თქვენთვის სასურველი პროდუქტი. მოცემული ინგრედიენტებით ამზადებთ 40 ხვეულას.
მომზადების წესი:
კარაქი, შაქარი და მარილი აურიეთ. თანდათან დაამატეთ არაჟანი, კვერცხი, ვანილის შაქარი და ურევთ ერთგაროვანი მასის მიღებამდე. ნაწილ-ნაწილ შეაზილეთ გაცრილი ფქვილი, გამაფხვიერებელი. ზელთ მკვრივ ცომს. ცომი ხელებზე არ უნდა გეკრობოდეთ.
მზა ცომი გაყავით 5 ნაწილად და გამოხელეთ გუნდები. ცომი ცოტა ხანს დაასვენეთ და შემდეგ სათითაოდ გააბრტყელეთ თხელ მრგვალ, დაახლოებით 28 სმ დიამეტრის, ფენად.
თითოეული ფენა დაყავით 8 ტოლ ნაწილად და დაჭერით. თითოეული ნაწილს წაუსვით სასურველი შიგთავსი და რულეტივით გადაახვიეთ.
საცობ ფორმაზე დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი და დააწყვეთ ხვეულები. დაიცავით მანძილი.
ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 20-25 წუთი.
ოქროსფრად დაბრაწული ხვეულები დააწყვეთ ლანგარზე, გააგრილეთ და დაფარეთ შაქრის ფხვნილით ან გააფორმეთ შაქრის ფხვნილის მინანქრით. 5 ს. კ. შაქრის ფხვნილს თანდათან დაასხით ცოტა წყალი და კარგად აურიეთ ფუნჯით. უნდა მიიღოთ საშუალო სისქის მასა.
ხვეულები გააფორმეთ მინანქრით და მოაყარეთ დაჭრილი თხილი ან ნიგოზი, ან ქოქოსის ფანტელი.
ხვეულები გამოდის ძალიან გემრიელი, არომატული, ნაზი და დაამშვენებს სადღესასწაულო სუფრას.
გემრიელად მიირთვით!