გთავაზობთ ფუმფულა და ჰაეროვანი ცომის რეცეპტს. მთავარი საიდუმლო ინგრედიენტების სწორი პროპორციები და ძმრის დამატების დროა. ამ ცომით მომზადებული ფუნთუშები გამოდის განსაკუთრებით ჰაეროვანი, ფაფუკი, ნაზი და უგემრიელესი.
ცომის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ფქვილი 600 გრ
- თბილი რძე 400 მლ
- მშრალი საფუარი 1 ს. კ.
- შაქარი 80 გრ
- ძმარი 9%-იანი 2 ჩ. კ.
- ვანილი
- დარბილებული კარაქი 30 გრ+40 გრ
- კვერცხი 1 ცალი+1 ცალი კვერცხის გული
მომზადების წესი:
1. თბილ რძეში გახსენით შაქარი, საფუარი, მარილი, 1 ცალი კვერცხი და ურევთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
2. გაცრილი ფქვილი ჩაყარეთ ღრმა თასში და ნაწილ-ნაწილ დაასხით რძიანი მასა. ურევთ ნიჩბით. თუ ცომი თხელია, დაამატეთ კიდევ რამდენიმე კოვზი ფქვილი. უნდა მიიღოთ წებოვანი ცომი.
3. მთავარია, არ მოგივიდეთ ბევრი ფქვილი, თუნდაც ცომი ხელებზე გეკრობოდეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი ცომი არ იქნება ჰაეროვანი.
4. მზა ცომი გადაიტანეთ სამუშაო ზედაპირზე და შეაზილეთ 40 გრ დარბილებული კარაქი. ზელთ ხელით. როდესაც ცომს კარაქს კარგად შეაზელთ, ხელებზე აღარ მიგეკრობათ.
5. ბოლოს ცომს დაასხით 2 ჩ. კ. ძმარი და კიდევ ერთხელ ჩაზილეთ.
6. თასს წაუსვით ცოტა ზეთი და გადაიტანეთ მასში მზა ცომი. ცომს გადააფარეთ საკვების პარკი, შემდეგ ტილო და 20 წუთი დადგით ასაფუებლად.
7. აფუებული ცომი ხელით გააბრტყელეთ სამუშაო ზედაპირზე და შეაზილეთ 30 გრ დარბილებული კარაქი.
8. შემდეგ ცომი გადაკეცეთ წიგნისებურად, დაყავით ტოლ ნაწილებად და დაჭერით სიგრძეზე.თითოეული ნაწილი დაგრიხეთ, მოამრგვალეთ და კიდეები მჭიდროთ შეკარით.
9. საცხობ ფორმაზე დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი და დააწყვეთ ფუნთუშები. აუცილებლად დაიცავით მანძილი. 1 ცალი კვერცხის გული ათქვიფეთ და წაუსვით სილიკონის ფუნჯით. თუ გსურთ, ზემოდან მოაყარეთ ყაყაჩოს თესლი ან სეზამის მარცვლები.
10. ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 30 წუთი.
ფუნთუშები გამოდის ძალიან ფუმფულა, მრავალფენიანი, ჰაეროვანი, ოქროსფრად დაბრაწული და უგემრიელესი. შეგიძლიათ მოამზადოთ თქვენთვის სასურველი შიგთავსით და ეს საოცარი ცომი კიდევ უფრო გააგემრიელოთ ხილფაფით, მოხარშული შესქელებული რძით, შოკოლადით.
ფუნთუშები ძალიან უხდება ჩაის და ყავას.
გემრიელად მიირთვით და ისიამოვნეთ!